სანკტ-პეტერბურგში ცეცხლი გაუჩნდა გემს, რომელიც შენდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის „ჩრდილოეთის გემთმშენში“.
რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებლობის კორპორაციის პრესსამსახური იტყობინება, რომ ქარხანაში ცეცხლი მოეკიდა 20385 პროექტის კორვეტს. სააგენტო ТАСС-ის ცნობით, საუბარია პროექტ 20385-ის კორვეტ „პროვორნი“-ზე („Проворный“ - ქართ. მარდი, მარჯვე).
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლმა მოიცვა მხოლოდ გემბანი დაახლოებით 100 კვადრატული მეტრის ფართობზე, თუმცა შემდეგ ითქვა, რომ ცეცხლი მოედო თითქმის მთელ გემს 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე.
ხანძარს მინიჭებული აქვს უმაღლესი სირთულის ხარისხი. ბოლო მონაცემებით, ჩაქრობაში 170-მდე ადამიანი და 40-ზე მეტი ტექნიკაა ჩართული.
ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულია, რომ გემი ჯერ არ გადაუციათ ფლოტისთვის და, რომ მას ეკიპაჟი არ ჰყავს.
„პროვორნი“ - რუსეთის საზღვაო ძალების მართვადი სარაკეტო იარაღით აღჭურვილი კორვეტი, მეორეა 20385 პროექტის კორვეტების სერიიდან.
ხომალდის ფლოტისთვის გადაცემა 2022 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი. გემი უნდა შესულიყო რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის გაერთიანებული სარდლობის შემადგენლობაში კამჩატკის ბაზაზე.
დაწერეთ კომენტარი