Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ოლექსანდრ გოგილაშვილი რუსი პარლამენტარის თანაშემწე ყოფილა


უკრაინაში გამომძიებელი ჟურნალისტები და ბლოგერები სულ უფრო მეტ სკანდალურ ინფორმაციას იგებენ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ოლექსანდრ გოგილაშვილის შესახებ, რომელსაც უკრაინის პრემიერ-მინისტრის ბრძანებით თანამდებობა დაატოვებინეს დონბასის შესასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგე ჯგუფთან მოწყობილი სკანდალის გამო.

მედიის წარმომადგენელთა მტკიცებით, გარდა იმისა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს რუსეთის პასპორტი ჰქონია, იგი გარკვეული ხნის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და რუსეთის სახელმწიფო დუმაში მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ წევრის, ნიკოლაი ვალუევის თანაშემწედ მუშაობდა.

გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლექსანდრ გოგილაშვილი, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია რიგითი სამართალდამცველების მოთხოვნაზე მაღალჩინოსნის შეუფერებელი საქციელი. გოგილაშვილმა სასტიკად გაკიცხა პოსტზე მყოფი უკრაინელი გუშაგები, რომლებმაც ის ვერ იცნეს და საბუთები მოსთხოვეს.

სკანდალის შემდეგ უკრაინაში მოქმედმა ჟურნალისტური გამოძიების ცენტრმა გაარკვია, რომ გოგილაშვილს, რუსეთის მოქალაქის პასპორტი აქვს.

გარდა იმისა, რომ გოგილაშვილი გარკვეული ხნის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა, ის თურმე რუსეთის სახელმწიფო დუმაში მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ წევრის, ნიკოლაი ვალუევის თანაშემწედ მუშაობდა.

მედიის ვარაუდით გოგილაშვილი დღემდე ფლობს რუსეთის მოქალაქის საზღვარგარეთულ პასპორტს, რომელიც გაცემულია 2012 წელს და რომლის მოქმედების ვადა 2022 წელს იწურება.
რუსულ რეესტრში გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ვერ მიაკვლიეს ცნობას, რომ ოლექსანდრ გოგილაშვილი ან გავიდა რუსეთის მოქალაქეობიდან ან ჩააბარა პასპორტი. უკრაინულ პორტალ Слідство.Інфо-ს ოფიციალური შეკითხვის პასუხად გოგილაშვილმა შესაბამისი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

ამასობაში გოგილაშვილის გარშემო მორიგი სკანდალი აგორდა მას შემდეგ, რაც მედიამ გაარკვია, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, კიევთან ახლომდებარე ერთ კერძო სახლში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) უფროს, კირილ ბუდონავთან ერთად ცხოვრობს.

თავისთავად ამ ცნობაში არაფერი იქნებოდა უცნაური, რომ არა ის ფაქტი, რომ უკრაინის მთავარი სამხედრო მზვერავი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ერთად ცხოვრობდნენ კერძო სახლში, რომლის მფლობელი აღმოჩნდა ვიაჩესლავ სტრელკოვსკი, რომელიც ცოლთან, დიანასთან ერთად, „ნაღდი ფულის უკანონო ბრუნვით ე.წ. „ობნალით“ ყოფილა დაკავებული.

გაირკვა, რომ ოქტომბერში მედია-კომპანია „РБК-Украина"-ს ჟურნალისტებმა მოიპოვეს ინფორმაცია რამდენიმე კომპანიის შესახებ, რომლებმაც რამდენიმე თვის განმავლობაში 10 მილიარდის ჰრივნის „კონვერტაცია“ მოახდინეს. ამ სქემის ერთ-ერთ ბენეფიციარად კი ჟურნალისტები ვიაჩესლავ სტრელკოვსკის ასახელებენ.

გამოცემა „ეკონომიკურ პრავდასთან“ ინტერვიუში უკრაინის საგადასახადო სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ევგენი ოლეინიკოვმა სტრელკოვკსის წარმატება სამართალდამცველი ორგანოების მფარველობითაც ახსნა.

„მთავარმა საგადასახადო სამსახურმა რამდენჯერმე სცადა მისი კომპანიის შემოწმება. მაგრამ რიგი კომპანიის შემთხვევაში უცნაური სიტუაცია იჩენს თავს: დავიწყებთ, თუ არა შემოწმებას, ირკვევა, რომ დოკუმენტები ზუსტად წინა დღით ამოუღიათ სამართალდამცველ ორგანოებს. დოკუმენტები რატომღაც უკან არ ბრუნდება და საქმეც ადგილიდან არ იძვრის“, - განაცხადა ოლიენიკოვმა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა, განაცხადა, რომ იცნობს სტრელკოვსკის და ინფორმირებულია, რომ ამ ადამიანს კავშირი აქვს ნაღდი ფულის უკანონო ბრუნვასთან. ბუდანოვმა არც ის დამალა, რომ ერთ სახლში ცხოვრობს გოგილაშვილთან ერთად, რომელთანაც მას მეგობრობა აკავშირებს.

უკრაინული გამოცემა "Слідство.Інфо" აღნიშნავს, რომ თუ მხედველობაში მივიღებთ ოლექსანდრ გოგილაშვილის რუსეთის მოქალაქეობას, - მასთან ერთად სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის ერთ სახლში ცხოვრება უკრაინის ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხე უნდა წარმოადგენდესო.

იგივე მოსაზრებას იზიარებს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ეგორ ჩიჩერინდა.

„გამოდის, რომ ოლექსანდრ გოგილაშვილმა თავისი რუსული პასპორტით, თავის პირობითი სასჯელითა და რუსეთის ფედერაციის დოკუმენტების ფალსიფიცირებით, პუტინის პარტიის „ედინაია როსიას“ დეპუტატ, ნიკოლაი ვალუევთან თავისი მეგობრობით და მისი თანაშემწეობით, - მოიპოვა დაშვება არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს (როგორც მინისტრების ავაკოვისა და მონასტირისკის მოადგილემ), არამედ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო დაზვერვის სამმართველოს საიდუმლო ინფორმაციებზე, რადგან არა მხოლოდ ერთად ცხოვრობდა, არამედ ახლოს მეგობრობდა დაზვერვის ხელმძღვანელ ბუდანოვთან და მასთან ერთად ისვენებდა კიდეც... მას წვდომა ჰქონდა უშუალოდ ქვეყნის პრეზიდენტის ოფისზე, სადაც მისი (გოგილაშვილის) ცოლი სახელმწიფო საიდუმლოებაზე ყოველგვარი ოფიციალური დაშვების ნებართვის გარეშე, უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწედ და პირად მდივნად მუშაობს“, - წერს ჩიჩერინდა.

ოლექსანდ გოგილაშვილის 1973 წელს საქართველოში დაიბადა. 2019 წელს მან დაამთავრა ქალაქ ლვოვის უნივერსიტეტი ბიზნესისა და სამართლის სპეციალობით. ოლექსანდრ გოგილაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2019 წლის სექტემბერში, ქვეყნის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევის შემდეგ, დაინიშნა, რაც, უკრაინული მედიის ვარაუდით, გოგილაშვილის ცოლის, მარია ლევჩენკოს, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სიახლოვემ განაპირობა. მარია ლევჩენკო, ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწედ და პირად მდივნად მუშაობს.

11 დეკემბერს დონეცკის ოლქის შესასვლელთან, სპეციალური ოპერატიული ძალების მოქმედების ზონაში, ოლექსანდრ გოგილაშვილმა სკანდალი მოაწყო იმის გამო, რომ საგუშაგოზე მყოფმა სამართალდამცველებმა იგი ვერ იცნეს, მისი მანქანა გააჩერეს და დოკუმენტების ჩვენება მოსთხოვეს.

მას შემდეგ, რაც ვიდეო „ევროპეისკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა, შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ დროებით ჩამოაშორა მოვალეობის შესრულებას გოგილაშვილი და სამსახურებრივი მოკვლევის გადაწყვეტილება მიიღო.

თავად გოგილაშვილმა ბოდიში მოიხადა „თავისი მომეტებული ემოციურობის“ გამო და პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობდა გაერთიანებული ოპერატიული ძალების ზონაში მდებარე ბლოკ-საგუშაგოზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას.

13 დეკემბერს გამოქვეყნდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, საკუთარი თხოვნის საფუძველზე გოგილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

XS
SM
MD
LG