Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED: "ქართული ოცნების" ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა რესურსმა ხელი შეუშალა თანაბარ საარჩევნო გარემოს


"სამართლიანი არჩევნები"(ISFED) აცხადებს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მეტ-ნაკლებად კონკურენტული იყო, თუმცა მმართველი პარტიის ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა რესურსმა ხელი შეუშალა თანაბარი საარჩევნო გარემოს არსებობას. ანგარიში, რომელიც სრულად მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდს, დღეს, 21 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ანგარიშში აღნიშნულია რამდენიმე გარემოება, რომელიც ორგანიზაციის დაკვირვებით, საარჩევნო გარემოზე ახდენდა გავლენას:

  • "საარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და მათზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებამ";
  • "არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილი დარღვევებისა და ტენდენციების ერთობლიობას, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა";
  • "[ჟურნალისტებზე] ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები, რასაც ახალისებდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული აგრესიული და მადისკრედიტირებელი განცხადებები";
  • "ორივე ტურზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა საარჩევნო უბნების მიმდებარედ პირთა ხანგრძლივი, საეჭვო შეკრებები, ამომრჩეველთა აღრიცხვის, მობილიზებისა და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, რაც მიიჩნევა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების კონტროლის მექანიზმად";
  • "საგანგაშო და მასშტაბური სახე მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით მოქმედმა პარტიულმა სადამკვირვებლო საქმიანობამ";
  • "[არჩევნებთან დაკავშირებით] სასამართლოს გადაწყვეტილებები შაბლონური იყო და ვერ აკმაყოფილებდა დასაბუთებულობის მინიმალურ სტანდარტს."

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა, იმავე თვის 30 რიცხვში კი 20 მუნიციპალიტეტში მერის ასარჩევად მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. 60-ზე მეტი მუნიციპალიტეტიდან ოპოზიციის კანდიდატმა მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა. ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი, ოპოზიციისა და ხელისუფლების კანდიდატებს შორის სხვაობა მეორე ტურში მინიმალური იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG