Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში გამართულ აქციაზე საზღვარგარეთის ბანკებში დაყადაღებული აქტივების დაბრუნება მოითხოვეს


ჰუმანიტარული პურის დარიგების პროცესი ქაბულში
ჰუმანიტარული პურის დარიგების პროცესი ქაბულში

ქაბულში ასობით ავღანელი გამოვიდა ხელისუფლების მიერ ნებადართულ აქციაზე, რომელზეც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გაყინული ავღანეთის კუთვნილი მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივების დაბრუნება მოითხოვეს.

ამ საპროტესტო აქციის ფონია ქვეყანაში მძვინვარე ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ავღანეთს ჰუმანიტარული კატასტროფით ემუქრება.
დემონსტრანტები, რომლებსაც ხელთ ეპყრათ პლაკატები წარწერით: „მოგვეცით საჭმელი“, „მოგვეცით ჩვენი გაყინული ფული“, - ფეხით მივიდნენ ქაბულში მდებარე აშშ-ის საელჩოსთან. აქციის უსაფრთხოებას კი თალიბანის წევრები უზრუნველყოფდნენ.

აგვისტოში, თალიბანის მიერ კანონიერი ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების დაბრუნების შემდეგ, აშშ-მა გაყინა ავღანეთის ცენტრალური ბანკის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ობლიგაციების დიდი ნაწილი, რასაც ქაბულის ახალ მმართველებზე ზეწოლის საშუალებად იყენებს.

დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების პირობებში, ავღანეთის სახელმწიფო ბიუჯეტის 75 პროცენტზე მეტი საერთაშორისო დონორებზე მოდიოდა, მაგრამ ეს თანხები შეწყდა მას მერე, რაც ქვეყანაზე თალიბანმა დაამყარა კონტროლი.

გაეროს თანახმად, მილიონობით ავღანელს ემუქრება შიმშილის საფრთხე ქვეყანაში, რომელშიც თითქმის მთელი მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს, ეკონომიკა კი კოლაფსშია, ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ.

XS
SM
MD
LG