Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობის აქციის შესახებ გამოაცხადა


ნიკა მელია
ნიკა მელია

რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გამოაცხადა მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ. მოშიმშილეების მოთხოვნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.

„მე მეგობრებთან ერთად, ბევრ ადამიანთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ, საეტაპო ბრძოლას. დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას", - თქვა ნიკა მელიამ.

როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, მათ არ სურთ ბავშვებს ახალი წლის ზეიმში ხელი შეუშალონ, არც სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული პროცესი შეაფერხონ, ამიტომ შიმშილობა გამოცხადდება კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის მიმდებარედ.

„ჩვენ სხვა უფლება არ გვაქვს გარდა შეტევისა, გარდა იძულებისა, რომ რეჟიმს უკან დავახევინოთ და მიტაცებული სახელმწიფო ხელიდან გავაგდებინოთ. ამიტომ, ახლა აქედან ჩავდივარ, მეგობრებთან ერთად მივდივარ კახეთის გზატკეცილისკენ, ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი იქ წამოხვალთ. სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება ტყვეობიდან, ეს შიმშილობის აქტი იქნება უვადო, - მიმართა აქციის მონაწილეებს მელიამ და დაამატა, - ვისაც გული გიძგერთ, ვისაც შეგიძლიათ, წრფელად გჯერათ, რომ გამარჯვება მოპოვებადია, უკან არ დავიხიოთ, ამიტომ ბრძოლა იყოს მართლაც გამარჯვებამდე".

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. „ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია. ის დღეს 54 წლის გახდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG