Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: მე ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა აქციის მონაწილეებს გააცნო მისმა დედამ, გიული ალასანიამ. სააკაშვილი წერს, რომ მისი მმართველობის ბევრი საკითხის გამო წუხს, მაგრამ არასდროს შერცხვება ისეთი ქვეყნის აშენების, რომელიც სამაგალითო ქვეყნად იქცა:

„ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, ოცნება, რომელიც მამოძრავებდა და მთავარი მიზანი, რომელიც მქონდა, მეხილა ჩემი ქვეყანა დემოკრატიული დასავლური ოჯახის სრულფასოვან და განუყოფელ ნაწილად, საქართველო შეუქცევადად შემდგარიყო დასავლური რეინტეგრაციის გზაზე.

სწორედ ქართველი ხალხის ამ ოცნებამ მიგვიყვანა ვარდების რევოლუციამდე, წარმოუდგენელ რეფორმებამდე და შეუმდგარი ქვეყნის არნახულ აღმშენებლობამდე, რეგიონის ლიდერობამდე და სამაგალითო ქვეყნად ქცევამდე. მთელ პოსტსაბჭოთა სისტემაში პირველად, იმგვარ დემოკრატიამდე, სადაც მმართველი პარტია შეიძლებოდა დამარცხებულიყო და ლიდერს მშვიდობიანად გადაეცა ხელისუფლება გამარჯვებულისთვის. მე ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასოდეს ვინანებ. ასეა: ხელისუფლების ერთადერთი წყარო ჩვენი ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, მოგვიყვანოს ხელისუფლებაში ან გაგვიშვას ხელისუფლებიდან“, - აცხადებს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი მხარდამჭერებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. „თუ გვინდა, ჩვენი ხალხი გამოგვყვეს, უნდა ვაჩვენოთ თავგანწირვა! თუ გვინდა, მსოფლიომ მხარი დაგვიჭიროს, უნდა ვაჩვენოთ ბრძოლა!“ - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. „ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია. ის დღეს 54 წლის გახდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG