Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი აცხადებს, რომ სააკაშვილის თაობაზე პირადად არის ჩართული საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი პირადად არის ჩართული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში და აქვს „პირადი ხაზი“ სააკაშვილთან ინფორმაციების გაცვლისთვის.

„მე და მიხეილს... გულწრფელად გეტყვით, რომ მისგან ვიღებ წერილებს. ის კი ჩემგან - ინფორმაციებს. მე ველაპარაკე საქართველოს ხელისუფლებას ბატონი სააკაშვილის შესახებ. მე მომმართეს, რათა მის მეორე ნახევარსა და დედას შესძლებოდათ მისი მონახულება. მე დავურეკე, ვთხოვე. ალალად გეუბნებით, მათ ჩვენთვის უარი არ უთქვამთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში 21 დეკემბერს, პრეზიდენტის რეზიდენციაში ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ზელენსკის თქმით, არის ერთი საკითხი, ესაა უკრაინელი ექიმების ჩართვა სააკაშვილის მკურნალობის პროცესში, რომლის თაობაზეც ჯერჯერობით ვერ შეძლო თბილისთან მოლაპარაკება.

„მინდა, რომ ჩვენი ექიმები ჩაერთონ პროცესში, მაგრამ ამ მხრივ ჯერჯერობით შეფერხებაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამის თაობაზე მოლაპარაკება გრძელდება, მასში ჩართულია ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. მაგრამ სხვა დეტალებზე საუბრისგან ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავი შეიკავა.

დღესვე უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, „ფეისბუკ“ გვერდზე დაწერა, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG