Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოზეპ ბორელმა უპასუხა ქართული ოპოზიციის წერილს


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი იზიარებს საქართველოს ოპოზიციური პარტიების შეშფოთებას სასამართლო და საარჩევნო რეფორმების შეფერხების გამო. ამის შესახებ საუბარია ოპოზიციური პარტიების მიერ ევროკავშირის ხელმძღვანელებისთვის 9 დეკემბერს გაგზავნილ წერილზე ბორელის საპასუხო წერილში, რომელიც 22 დეკემბრითაა დათარიღებული.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმები ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების არსია და ინკლუზიური რეფორმების დროულად განხორციელება რჩება საუკეთესო შანსად საქართველოს დემოკრატიისა და მდგრადობის შემდგომ განმტკიცებაში ხელშესახები პროგრესის მისაღწევად. ასევე, დამაზიანებელი პოლარიზაციის შესაწყვეტად, რომელიც გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკურ სისტემაზე. ბორელის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მართლმსაჯულების სფეროს და დემოკრატიულ რეფორმებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უპირველესი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად შეუწყონ ხელი დეესკალაციას და კონსტრუქციული რეფორმების დღის წესრიგს.

ბორელი ხაზს უსვამს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე, 15 დეკემბერს მიღებულ დეკლარაციაში ნათქვამს, რომ თანამშრომლობის მასშტაბს და სიღრმეს, სხვა საკითხებთან ერთად, კვლავაც განსაზღვრავს რეფორმების ტემპი და ხარისხი. ჟოზეპ ბორელის თანახმად, ევროკავშირის მიდგომა უფრო მეტ სარგებელს მოუტანს იმ პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც რეფორმების ერთგულნი არიან. ბორელი წერს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ.

საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ აპრილში ინიცირებულ შეთანხმებას, ბრიუსელში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის ხელმძღვანელებს გაუგზავნეს წერილი და შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების და „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო.

XS
SM
MD
LG