Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღამის კლუბების განცხადებით, უწყებები მეიჯარეებისგან მოითხოვენ, არ დაუშვან კლუბების გახსნა


„უსაფრთხო სივრცე საფრთხეშია!" - საქართველოში მოქმედი ღამის კლუბები განცხადებას ავრცელებენ. ისინი მიმართავენ თბილისის ელექტრონული მუსიკის, საფესტივალო და საკლუბო სცენის წარმომადგენლებს, ერთგულ გულშემატკივრებს, მხარდამჭერებს, მოცეკვავეებს და კომუნებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „საკლუბო სცენის წარმომადგენლები, მოთმინებითა და პასუხისმგებლობით ელოდებოდნენ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა და 22 დეკემბერს წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული პროტოკოლით სივრცეების გახსნაზე უარი მივიღეთ".

როგორ ისინი აღნიშნავენ, კლუბების მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა #Openculture მიზნად ისახავდა ღია და დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების დროს ვირუსის გავრცელების რისკების კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და საერთო სტანდარტის დანერგვას. მათი განცხადებით, სწორედ ეს სტანდარტი უნდა გამხდარიყო 22 თვის წინ დახურული საკლუბო სცენის უსაფრთხოდ გახსნის წინაპირობა.

ღამის კლუბები მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ.

„ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად, იმ პირობებში, როდესაც თავად ხელისუფლება აანონსებს უამრავ ხალხმრავალ ღონისძიებებსა და შეკრებებს, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა შეთანხმებული წესებითა და ვირუსის გავრცელების მინიმუმამდე შემცირების მექანიზმით", - ნათქვამია განცხადებაში.

კლუბები მეიჯარეებს მოუწოდებენ არ აჰყვნენ უკანონო შანტაჟს:

„დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩვენი შეჩერებისა და დაგეგმილი წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა დაიწყეს საკლუბო სივრცეების მეიჯარეებთან კომუნიკაცია, მათგან მოითხოვენ, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს, რაც ცალსახად წარმოადგენს შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზას, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.

გვინდა ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ეს გზა არ არის პრობლემის სასიკეთოდ გადაჭრის მცდელობა, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიზანი პრობლემის გადაჭრაა და არა მისი გამწვავება, რაშიც, მათ მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, ეჭვი გვეპარება.

მოვუწოდებთ სივრცის მეიჯარეებს, არ აჰყვნენ უკანონო შანტაჟს და არ დაუშვან იმ სივრცეების გაქრობა, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ამ სივრცეების გაქრობა არამხოლოდ კანონის, ეთიკისა და მორალის, არამედ ისტორიის კანონზომიერებას ეწინააღმდეგება", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან:

  • The Cultural and Creative Industries Union of Georgia
  • 4GB
  • BASSIANI
  • Boom Boom Booking Agency
  • Bude
  • CAFE-GALLERY
  • Colibri
  • DAISI • დაისი
  • დედაენის ბარი
  • KHIDI
  • Kibe
  • Left Bank
  • Lisi Rest
  • Lisi Wood
  • MIONI
  • Millennials
  • მტკვარზე • MTKVARZE
  • Monohall
  • Mzesumzira
  • რეფლექტორი / Reflector
  • ROKVA
  • Swing Festival
  • TES
  • TIVI • ტივი
  • TBILISI OPEN AIR
  • TREEBAL

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG