რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები ჩატარდება რუსეთში უქმეების პერიოდის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, რუსეთს სურს, რომ მოლაპარაკებებში სამხედროებიც მონაწილეობდნენ.
რუსეთში შობას 7 იანვარს ზეიმობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი სამუშაო დღე 10 იანვარზე მოდის.
ლავროვის კომენტარის ფონია მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გამწვავებული ურთიერთობები უკრაინის საზღვარზე რუსეთის დიდძალი სამხედრო ძალის თავმოყრის გამო. ამავე დროს კრემლი დასავლეთისგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, მათ შორის იმის თაობაზე, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთის მიმართულებით.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 დეკემბერს, წლიურ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, დასავლეთს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ“ შეასრულოს მოთხოვნები.
ლავროვმა 27 დეკემბერს რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთს სურს, ნატოსთან ნებისმიერ მოლაპარაკებებში სამხედროებმაც მიიღონ მონაწილეობა. ამავე დროს მან დასავლეთის უსაფრთხოების ალიანსი გააკრიტიკა და მას „გეოპოლიტიკური პროექტი“ უწოდა.
ამ კომენტარამდე ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვიდა წინადადებით, ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართოს 12 იანვარს. კრემლს ჯერჯერობით არ განუცხადებია, მიიღებს თუ არა შეხვედრაში მონაწილეობას.
დაწერეთ კომენტარი