Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ კვდებიან კოვიდ-პაციენტები საქართველოში?


ბოლო ორი თვეა, საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად გარდაცვლილთა რიცხვი, ფაქტობრივად, 50-ს არ ჩამოსცილებია. თუ არ ჩავთვლით ორ-სამ დღიან გამონაკლისს. 4 ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე, ქვეყანაში COVID19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა დღეში 50-დან 80-მდე მერყეობს. მაგალითად, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კოვიდით კიდევ 71 პაციენტი გარდაიცვალა. 26 დეკემბრის მდგომარეობით, ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებს.

კოვიდით გარდაცვალების მაღალი რიცხვი, თვალნათლივ აისახა ზოგადად ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდის მაჩვენებელზეც.

  • 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში დაფიქსირებული სიკვდილიანობის ჯამური რაოდენობა უკვე აჭარბებს წინა წლების 12 თვის ჯამურ რაოდენობებს.
  • 2021 წელს ყველა მიზეზით გარდაცვალება შეადგენს - 52 708-ს. ეს მაჩვენებელი 2015-2019 წლებში იყო - 43 730. 2020 წელს კი 44 174.
  • 2021 წელს გაზრდილია დღიური საშუალო სიკვდილიანობის რაოდენობა და შეადგენს - 157.8-ს;
  • 2015-2019 წლებში ეს რაოდენობა 131 იყო, 2020 წელს კი 131.8.

კოვიდით გარდაცვლილების ოჯახები, რომლებმაც გამოძიებას მიმართეს

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანს, გამოძიებამ უკვე მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი. თითქმის ორი თვეა 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს ვაკე-საბურთალოს პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას.

გაიოზ ჩარკვიანი
გაიოზ ჩარკვიანი

უკვე გამოკითხულია არაერთი მოწმე. მედპერსონალი. გარდაცვლილი ბიჭის მამა ეჭვობს, რომ მისი შვილი, რომელიც ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა, არასათანადო მკურნალობას ემსხვერპლა. სწორედ ამიტომ მიმართა მან პროკურატურას და გამოძიების დაწყება ითხოვა.

ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის ისტორია, რომელიც მის საწერ მაგიდაზე დევს, 446 გვერდისგან შედგება. სამედიცინო დოკუმენტებში ასახულია ყველა ის მანიპულაცია, რაც 20 წლის ბიჭს ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი თვის განმავლობაში უტარდებოდა.

ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის ისტორია
ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის ისტორია

გაიოზ ჩარკვიანმა თითქმის დაიზეპირა შვილის ჯანმრთელობის ისტორიის ყველა გვერდი. სწორედ ამ დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ გაუჩნდა მას ეჭვი, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაძლოა, ექიმთა დაგვიანებული რეაგირების გამო დამძიმდა:

„დააკვირდით ექიმების ვიზიტების ჩანაწერებს. ექიმები წერენ, რომ ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ მასთან ვიზიტები ფიქსირდება 23-26 საათიანი ინტერვალებით“, - მაჩვენებს გაიოზ ჩარკვიანი თარიღებსა და საათებს, რომლებიც წითლად აქვს გახაზული.

ვახტანგ ჩარკვიანი კლინიკაში 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან შეიყვანეს. ჩანაწერების თანახმად, ბიჭს ნახველში სისხლი ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად დამაკმაყოფილებლად შეფასდა. თუმცა, ექიმების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მალევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას „საყურადღებო“ სტატუსი მიენიჭა.

20 წლის ფეხბურთელი საავადმყოფოში შეყვანიდან ერთი თვის თავზე, 10 სექტემბერს გარდაიცვალა. კლინიკაში უკანასკნელად დედამ ნახა, 20 აგვისტოს. ის თავადაც კოვიდ-ინფიცირებული იყო. ბიჭი ჯერ კიდევ ნორმალურად გრძნობდა თავს.

გაიოზ ჩარკვიანი ირწმუნება, რომ ჯანმრთელობის დოკუმენტაციაში მის შვილს ისეთი ქრონიკული დაავადებები ჩაუწერეს, რომელიც მას არ ჰქონია:

„ 20 წლის ბიჭი იყო, ნებისმიერ უწყებას შეუძლია კლინიკების არქივებიდან ამოიღოს დოკუმენტაცია და შეამოწმონ, ჰქონდა თუ არა მას რაიმე თანმხლები დაავადება. საავადმყოფოშიც კი არ წოლილა არასდროს. თუ არ ჩავთვლით, ფეხბურთის დროს მიღებულ მიკრო ტრავმას. არსებობს უამრავი ადამიანი, მეგობრები, მწვრთნელები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მთელი ცხოვრება სპორტულ, ჯანსაღ ცხოვრებას ეწეოდა. გამოძიებისთვის ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი იკვეთება. მე უკვე გამომკითხეს, ჩემს გოგოს აქვს მიცემული ორი ჩვენება. ჩემი მეუღლეც გამოიკითხა. გამოკითხულები არიან ოქროს მოწმეებიც. წინასწარ არ მინდა არაფრის თქმა, მაგრამ ძალიან ბევრი საგულისხმო საკითხი იკვეთება. პირობას ვიძლევი, ეს საქმე თაროზე არ შემოიდება“.

ექიმების მხრიდან გაწეული არასათანადო და არასაკმარისი მკურნალობის შესახებ ეჭვებს გაიოზ ჩარკვიანს უმძაფრებს მისი შვილის სატელეფონო მიმოწერებიც, რომლებსაც ვახტანგი კლინიკიდან სწერდა მეგობარს და დედას. ბიჭი წუხს, რომ დროულად არ უკეთებენ სიცხის დამწევ ინექციას და საკვებიც დაგვიანებით მიაქვთ:

„- დედა, აფერისტები არიან, ამათი ჯიში ვატირე.

- კაი დედა, მივხედავ ყველაფერს, შენ არ ინერვიულო.

- შეცვალეს პლასტინკა ლაპარაკის. ამათ უპატრონო ვგონივარ. მიყვირიან, კაიფობენ, უზრდელები.

- შენ არ ინერვიულო“...

ეს გზავნილები კი ვახტანგმა მეგობარს მისწერა:

„ - ნემსი გამიკეთეთ-მეთქი, ორი დღეა ველოდები. როგორ ვაგინო.

- რა ნემსი?

- სიცხის.

- მერე, არ გიკეთებს?

- ველოდები.

- მანდ არ უნდა მომხვდარიყავი, მაგიტომ არ წავედი მე.

- არ შემოდის.

- ვიცოდი ეგრე იქნებოდა, მაგრამ სახლში ვინ მოგივლიდა?

- დღეში ორჯერ შემოდიან და იყვედრებიან. საჭმელი თუ არ ვუთხარი, არ მოაქვთ. ცივი სუპი მოიტანეს. მაგათ თვალწინ გადავაქციე. რატო აქცევო, კაი დროს რომ მოგაქვს-თქო.

- შენნაირი ბევრი ჰყავთ და ღამეებს ათენებენ, მაგათაც რა ქნან. აბა რა ჭამე?

- რაღაც ქათამი, ქვასავით იყო“.

კიდევ ერთი საკითხი, რაც გარდაცვლილი ფეხბურთელის მამას კითხვის ნიშნებს უჩენს, ეს არის კლინიკის ადმინისტრაციის უარი, გადაეცათ საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. წერილი, რომელშიც უარის მიზეზია ახსნილი, გაიოზ ჩარკვიანმა 29 სექტემბერს მიიღო:

„შვილის გარდაცვალების შემდეგ, მე და ჩემმა კოლეგამ მივმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს. მოვითხოვეთ ჩემი შვილის იქ ყოფნის პერიოდში არსებული ყველა დოკუმენტაცია. ვითხოვდით ვიდეო-ჩანაწერების ასლებს, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა ვახტანგ ჩარკვიანის კლინიკაში შეყვანის ფაქტი, მისი განთავსებისა და გადაადგილების ამსახველი ჩანაწერები, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ყოფნის დროს მასზე განხორციელებული ყველა ჩანაწერი. პასუხად მივიღეთ, რომ ჩემი შვილის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ტერიტორიაზე არსებული ვიდეო-კამერები, გამოსული იყო მწყობრიდან და არ ხდებოდა ვიდეო ჩაწერა. ვსვამ ლოგიკურ კითხვას, ვისი დარწმუნება უნდათ, რომ თურმე, ერთი თვის განმავლობაში, ჩაწერა არ ხორციელდებოდა? აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოხდეს აღნიშნული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება, მათ შორის, სარეანიმაციო ბლოკში შემავალი კამერების, რათა არ მოხდეს მათი განადგურება. ჩემი შვილი რეანიმაციაში 12 დღის განმავლობაში იწვა, უნდა არსებობდეს ჩანაწერები, რა ხდებოდა იქ 12 დღის განმავლობაში“.

ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების მიზეზებსა და ოჯახის მხრიდან დაწყებული გამოძიების შესახებ რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ 7 ოქტომბერს ელაპარაკა ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორ ლევან გოფოძეს.

ლევან გოფოძე
ლევან გოფოძე

„იმ ბრალდებებს, რასაც ოჯახი გვიყენებს, ჩვენ ვერაფრით დავეთანხმებით, მაგრამ ეს გამოძიების საგანია. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მისი სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა. თავს ზევით გადახტნენ ექიმები და უყურადღებობა კი არა, ერთი წამით არავის შეუჩერებია ამ პაციენტზე ზრუნვა. სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინეთ ბიჭი. მისი სიკვდილი თითოეულმა თანამშრომელმა ძალიან მძიმედ გადაიტანა. ისინიც დაიხოცნენ. მამას, ოჯახს, აქვს უფლება მოითხოვოს გამოძიება. ჩვენ ყველანაირად ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი გამჭვირვალეა, ამიტომ პრობლემა არ იქნება. იმედია, რომ ყველაფერი გაირკვევა და ოჯახიც მიიღებს იმ პასუხს, რისი მიღებაც სურს“, - გვითხრა 7 ოქტომბერს ლევან გოფოძემ.

"კოვიდ-ავადმყოფებსა და შავ ცელოფნებში გახვეულ გარდაცვლილებს ერთი პატარა დერეფანი ჰყოფდათ"

გამოძიებას მიმართა დეკემბრის დასაწყისში კოვიდით გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტის, 52 წლის ნანა მელაძის ქმარმა, აკაკი ბერიანიძემ. ქალი კორონავირუსით კასპში დაინფიცირდა. კასპში მდებარე კლინიკაში მხოლოდ ერთი დღე დაჰყო, 12 სექტემბერს კი ოჯახის გადაწყვეტილებით, თბილისში, ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

აკაკი ბერიანიძემ ცოლი რეანიმაციაში 17 სექტემბერს მოინახულა:

„ისე ავედი რეანიმაციაში, არავის უკითხავს, სად მივდიოდი. საკონცენტრაციო ბანაკის კრემატორიუმებად იქცა დღეს ჩვენი საავადმყოფოების სარეანიმაციო განყოფილებები. იქ რაც მე ვნახე, შემზარავი იყო. ერთმანეთის მიჯრით ჩამწკრივებულ კოვიდ-ავადმყოფებსა და შავ ცელოფნებში გახვეულ გარდაცვლილებს ერთი პატარა დერეფანი ჰყოფდათ. მთელი ტრაგედია ის არის, რომ კოვიდ-ინფიცირებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ემოციური მდგომარეობა. ამ ყველაფრის ყურება მათი ისედაც მძიმე მდგომარეობის ფონზე ხომ დამანგრეველია“.

აკაკი ბერიანიძე თვლის, რომ მისი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უყურადღებობამ და მკურნალობის მექანიკურმა მიდგომამ დაამძიმა:

„ყველა ავადმყოფს ერთი, ყბადაღებული პროტოკოლით მკურნალობენ. ეს პროტოკოლი ერთს თუ გამოაჯანმრთელებს, შესაძლოა მეორე პირიქით, დაამძიმოს. ჩემი ცოლი იწერებოდა, რომ ჯოჯოხეთში იყო, ხან კარგი ექთანი შეხვდებოდა, ხან ცუდი. უყურადღებობაა, მოუვლელობა, წამიყვანეთო, გვწერდა. 13 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, პასუხის გამცემი არავინაა, რატომ ეხოცებათ ამდენი ადამიანი. ვერავინ გამიცოცხლებს ჩემს ცოლს, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცას პასუხი უნდა მოეთხოვოს, რომ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება და პროფესიის მიმართ დამოკიდებულება იყოს პასუხისმგებლიანი. ასე მოჭრილი თარგით როგორ შეიძლება. პროტოკოლი, პროტოკოლი, გაიძახიან, გაჟღინთავენ ამ ანტიბიოტიკებით, გადასხმებით და გუდავენ ადამიანს. არ უყურებენ, ინტუბაცია სჭირდება, არ სჭირდება“.

ნანა მელაძე 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. როგორც მის მეუღლეს აუხსნეს, ქალის მდგომარეობის დამძიმება ბაქტერიულმა სეფსისმა გამოიწვია:

„ბაქტერიული სეფსისი დაემართა იქ და იმით გარდაიცვალა. რომ წამოვასვენე, ჯერ ისევ თბილი იყო. კაციშვილი არ მოსულა და არ უთქვამს, ვინ ვიყავი, რა ვიყავი ან ხელი მომეწერა რაიმესთვის. ცხვირი, ყურები სულ სისხლით ჰქონდა სავსე. ცელოფნით რომ ჩამომიყვანეს, ჯერ კიდევ თბილი იყო. მე გავაპატიოსნე, მე დავბანე. 25 წელი ცოლ-ქმარი ვიყავით. კბილი არ ასტკივებია. ჯანმრთელი იყო. ერთადერთხელ იწვა საავადმყოფოში, შვილი რომ გააჩინა, ეგ იყო და ეგ“.

რეგულირების სააგენტო 22 განცხადებას სწავლობს

გარდა საგამოძიებო უწყებებში დაწერილი განცხადებებისა, კოვიდით გარდაცვლილი პაციენტების ოჯახები მათი ახლობლების გარდაცვალების მიზეზების დასადგენად მიმართავენ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსაც.

ნოემბრის მონაცემებით, სააგენტოში კოვიდით გარდაცვლილი პაციენტების ოჯახების წევრების 22 განცხადებაა შესული.

მათ შორისაა მარი კაკაურიძის განცხადებაც, რომელიც მან სააგენტოში 2021 წლის 9 იანვარს შეიტანა. კორონავირუსს მარის მშობლები ემსხვერპლნენ - 54 წლის ირინა მიქაძე და ლევან კაკაურიძე. ჯერ მარის დედა გარდაიცვალა, რამდენიმე საათში კი - მამაც, სხვადასხვა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებებში.

ლევან კაკაურიძე, ირინა მიქაძე
ლევან კაკაურიძე, ირინა მიქაძე

მარი დარწმუნებულია, რომ მშობლების გარდაცვალების მიზეზი ჯანდაცვის სისტემის დაგვიანებული რეაქცია იყო. სწორედ ამიტომ ის სამი კლინიკის, „უნიქალმედის“, „გორმედისა“ და „ბომონდის“ კლინიკების ექიმების მიერ ჩატარებული მკურნალობისა და დოკუმენტაციის სწორად შევსების გამოკვლევას ითხოვს.

როგორც მარი გვეუბნება, უწყების ცნობით, მისი მშობლების საქმე შესწავლილია და ახლა სააგენტო რეცენზენტების დასკვნის მოლოდინშია.

განცხადებაში, რომელსაც მარი სააგენტოს სწერს ვკითხულობთ:

„კლინიკა „ბომონდში“ მამას პისიარ ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა. უარყოფითი პასუხის საფუძველზე გამომიწერეს 15 ქულიანი (ფილტვების ანთება რ.თ.) მამა. იმავე დღეს, სამ საათში გამიხდა ცუდად და სასწრაფოთი მივედით „გორმედში“, რადგან ინსულტი დაემართა მამას და საჭიროებდა სტენტის ჩადგმას, რაც არ ჰქონდათ „გორმედის“ კლინიკაში. არც სხვა კლინიკაში არ გადაიყვანეს ორი დღე... დედას დაბალი ტემპერატურის გამო არ გაუკეთეს პისიარ ტესტი. არ დააწვინეს კლინიკა „ბომონდში“... გამოვიძახე სასწრაფო და გადაიყვანეს „უნიქალმედში“. პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმა, მეორე დღეს არაფერი. ჰყავდათ ემერჯენსიში...“

წერილი სააგენტოს
წერილი სააგენტოს

რატომ კვდება ყოველდღე ამდენი ადამიანი?

კლინიკებში რომ კოვიდ-პაციენტების მართვის ხარვეზები არსებობს, ეს ფაქტი 26 დეკემბერს უკვე გადამდგარმა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას დაადასტურა.

სწორედ კოვიდ-პაციენტთა მართვასა და გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელზე ლაპარაკობდა ის, როცა პირდაპირი ეთერის სიგნალი უეცრად შეწყდა და ყოფილ მინისტრსაც შუა ლაპარაკისას გაუწყდა სიტყვა. ხოლო ის, რისი თქმაც მან პირდაპირი ეთერის რეჟიმში მოასწრო იყო ის, რომ საქართველოს რიგ კლინიკებში კოვიდით გარდაცვლილთა მაჩვენებელი 2-3%-ია, ზოგიერთ კლინიკაში კი ეს მაჩვენებელი 15%-ს აღწევს:

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშს წარადგენს
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშს წარადგენს

„ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია. უბრალოდ ამას საჯაროს არ ვხდით, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ იმისათვის, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები. მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი“, - სწორედ ამ სიტყვებზე შეწყდა ტიკარაძის პირდაპირი ეთერი.

მანამდე კი ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა:

„ძალიან ბევრი ცვლადით ვახდენთ მონიტორინგს კლინიკებზე. რა თქმა უნდა, ჩვენც ვაკეთებთ გარკვეულ დასკვნებს, თუმცა ალტერნატიულ აზრს, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვეცა საშუალება და საქართველოში ჩამოსული იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი შვეიცარიიდან, რომელმაც შეისწავლა ჩვენი კლინიკები. მან საკმაოდ საინტერესო დასკვნა დადო. რეალურად გაამართლა ჩვენი მოლოდინები იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ კლინიკურ სექტორში გვაქვს და ამ მიმართულებების მიხედვით ასევე გაიცა რეკომენდაციები. საქართველოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებების გამოსწორებაზე კლინიკებთან მუშაობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არ არის ეს საკმარისი და მნიშვნელოვანი არის ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის კვლავ ჩაგვერთო საერთაშორისო ექსპერტები. ისინი ნოემბერში ჩაერთნენ და ეს ჩართულობა იქნება უწყვეტი იმისათვის, რომ კლინიკებში ლეტალობის მაჩვენებელი არ ბადებდეს გარკვეულ კითხვებს, ვინაიდან საკმაოდ კრიტიკული არის განსხვავება“.

თუკი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ რიგით მეშვიდე ანგარიშის მონაცემებს დავეყრდნობით, საქართველოში COVID19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 69%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება და გართულება. დაავადებათა შორის დომინირებდა კარდიო-ვასკულარული დაავადებები (ჰიპერტენზიის გარდა); ჰიპერტენზია; დიაბეტი; ონკოლოგიური დაავადება; ფილტვის ქრონიკული დაავადება. გართულებებს შორის კი - პნევმონია; სუნთქვის უკმარისობა; რესპირაციული დისტრეს სინდრომი; გულის უკმარისობა.

რას ამბობენ კლინიცისტები?

საქართველოში კოვიდ-პაციენტების მართვის პროცესში არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებზე ლაპარაკობენ კლინიცისტი ექიმებიც.

კოვიდით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს ისინი სხვადასხვა მიზეზს უკავშირებენ. ერთ-ერთი მათ შორის, რისკ-ჯგუფში მყოფი მოქალაქეების ვაქცინაციის უკიდურესად დაბალი რიცხვია, რაც პაციენტების დამძიმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს. ამაზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემებიც, რომლის თანახმადაც, გარდაცვლილთა, ფაქტობრივად, აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია. პირველი ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა 98.96% (5 412 ადამიანი) აუცრელი იყო. ამავე დროის მონაცემებით, გარდაიცვალა სრულად ვაქცინირებული 57 ადამიანი, ანუ 1,04%.

თუმცა, პაციენტთა დამძიმებისა და გარდაცვალების მიზეზი, ცხადია, მხოლოდ აუცრელი პაციენტი ვერ იქნება. ვახტანგ კალოიანი, „ნიუ ჰოსპიტლის“ რეანიმატოლოგი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ჩამოთვლის კიდევ რამდენიმე მიზეზს, რაც პაციენტთა მართვის ხარვეზებს შეიძლება ედოს საფუძვლად. ერთ-ერთ მიზეზად ის პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე, 2019 წლის ნოემბერში, მთავრობის მიერ მიღებულ 520-ე დადგენილებას ასახელებს, რაც გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ორი წლის წინაც იქცა ჰოსპიტალური სექტორის მხრიდან მკაცრი კრიტიკის საფუძვლად:

ვახტანგ კალოიანი
ვახტანგ კალოიანი

„გარდა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლისა, ერთ-ერთი მიზეზი, გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლისა, ეს არის თავად სამედიცინო სისტემაში (დაწყებული პირველადი ჯანდაცვიდან) არსებული სისტემური პრობლემები. ჩვენ არ გვქონდა და არ გვაქვს გამართული კლინიკური პროტოკოლის იმპლემენტაციის სისტემა. არ არის გამართული არც მისი შესრულების კონტროლი. პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, ბაქტერიული ინფექციაა და ამის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ნიადაგი იყო 520-ე დადგენილება, რომელმაც რეანიმაციაში კატასტროფულად შეამცირა დაფინანსება. ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, რესურსების ხარჯვა, რესურსების შემცირება და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. ეს აისახა ლაბორატორიულ რესურსებზე, ადამიანურ რესურსებზე, ექთანი-პაციენტის თანაფარდობაზე, ყველაფერზე ერთად“, - ამბობს ვახტანგ კალოიანი.

კოვიდის მკურნალობის პროცესში, ვახტანგ კალოიანის თქმით, ექიმებისთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება ციტოკინური შტორმის მართვა და ბაქტერიული ინფექციები. მისი თქმით, ეს გამოწვევა მხოლოდ საქართველოს წინაშე არ დგას:

„ჰოსპიტალში განვითარებული ინფექციები ეს ყველგან გამოწვევაა, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში. განვითარებად ქვეყნებს, ჩვენი ტიპის ქვეყნებს, ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად აქვთ გამოკვეთილი. ეს არის კომპლექსური საკითხი. მაგალითად, პირველად ჯანდაცვაში გამოყენებული ანტიბიოტიკები, ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება, პროცესის არასტანდარტიზაცია, ძალიან ბევრ-კომპონენტიანია ეს გამოწვევა. მაგალითად, ქვეყანაში არ გვაქვს ბაქტერიის სახეობის და ტიპის განსაზღვრის საშუალება. ლუგარის ლაბორატორიას აქვს ყველაზე მეტი რესურსი და გასაგებია, რომ მასობრივ რელსებზე არ არის ეს გათვლილი. მხოლოდ ერთი სისტემისკენ ისრების წარმართვა ეს თავის მოტყუებაა, თორემ, ცხადია, ჰოსპიტალურ სექტორში გამოწვევები, ცალსახად ბევრია“.

რაც შეეხება მძიმე პაციენტების მდგომარეობიდან გამოყვანის მაჩვენებელსა და ეკატერინე ტიკარაძის მიერ დასახელებულ მონაცემებს სხვადასხვა კლინიკაში პაციენტების გარდაცვალების კრიტიკულად განსხვავებული მაჩვენებლის შესახებ, ვახტანგ კალოიანი ამბობს:

„ამას ჩაღრმავება სჭირდება - ეს არის მთლიანად ჰოსპიტალური სიკვდილობის მაჩვენებელი? ეს არის რეანიმაციაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი? არიან პაციენტები, რომლებსაც 90%-იანი სიკვდილობის მაჩვენებელი აქვთ, ანუ რა სიმძიმის პაციენტები გარდაიცვალნენ? რა პერიოდში გარდაიცვალნენ? მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ტიკარაძის განცხადება ჰოსპიტლებისკენ და ექიმებისკენ ისრის გადატანას ემსახურებოდა. ამაზე ასე ზედაპირულად ლაპარაკი არ შეიძლება. უნდა ჩატარდეს აუდიტი. უნდა მოხდეს შესაბამისი ინტერვენცია. ეს პრობლემა არ გადაწყდება რამდენიმე თვეში. ამას სჭირდება მიზანმიმართული სტრატეგია“, - ამბობს ვახტანგ კალოიანი.

რა შეცდომებს უშვებს ჯანდაცვის სისტემა კოვიდ-პაციენტების მართვის პროცესში? რომელია ამ სისტემაში სუსტი რგოლი - პირველადი ჯანდაცვა, თერაპია, რეანიმაცია? მედიკამენტები? სწორი გადაწყვეტილების მიღების დაგვიანება? არასათანადო ცოდნა?

ამ კითხვაზე ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმატოლოგი გულიკო ქილიფთარი ძალიან მოკლედ გვპასუხობს:

„სუსტი რგოლები და შეცდომები არსებობს. მიზეზები ობიექტურია და ზოგჯერ სუბიექტურიც“.

პაციენტთა გარდაცვალების მიზეზებზე კი გულიკო ქილიფთარი გვეუბნება:

„დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია ხდება ხოლმე მძიმე გართულებების და შესაბამისად, ცუდი გამოსავლის მიზეზიც. მთავარი, რაც შეუქცევადი ცვლილებების მიზეზი შეიძლება გახდეს, ეს არის ციტოკინური შტორმის სინდრომი. დღეს საქართველოში, საბედნიეროდ, გვაქვს მედიკამენტები, რომელიც მსოფლიოში ამ მდგომარეობის მართვის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მათი დროული გამოყენებაც კი ყოველთვის არ არის კეთილსაიმედო მიმდინარეობის გარანტი და ზოგჯერ პროცესი არის უმართავი“.

ნანა გეგეჭკორი, ექიმი, რომელიც ნიუ-იორკში, მაიმონდის ჰოსპიტალში თითქმის ორი წელია კოვიდ-პაციენტებს მკურნალობს, აქტიურადაა ჩართული საქართველოში პაციენტების დისტანციურად მართვის პროცესშიც. ამ ორი წლის განმავლობაში, მან ასობით პაციენტს გაუწია ონლაინ კონსულტაცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, უწყვეტი კავშირი აქვს როგორც პაციენტებთან, ისე კოლეგებთან. კოვიდ-პანდემიის ორწლიან ფაზაში აქვს ისეთი გამოცდილებებიც, როდესაც დაგვიანებული მკურნალობის გამო, პაციენტების გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ორწლიანი გამოცდილების ფონზე, ნანა გეგეჭკორი საქართველოში კოვიდ-პაციენტების მართვის რამდენიმე მთავარ ხარვეზზე გველაპარაკება:

ნანა გეგეჭკორი
ნანა გეგეჭკორი

„აშკარა იყო, ადამიანების გარკვეულ ნაწილს დროულად არ მიუწვდებოდა ხელი სამედიცინო სერვისებზე. პირველად ჯანდაცვაში ორი ტენდენცია იგრძნობოდა: მთლიანად, ზოგად გაიდლაინზე ზუსტად მორგებული გადაწყვეტილებები პაციენტების ინდივიდუალური თავისებურებების გაუთვალისწინებლად და მეორე უკიდურესობა, მხოლოდ პირად გამოცდილებასა თუ ხშირად რწმენაზე დამყარებული მიდგომები, რომლებსაც არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნდა. ვსაუბრობ იმ კონკრეტულ შემთხვევებზე დაყრდნობით, რასაც მე პირადად ვაწყდებოდი. პაციენტებში, ვისთანაც მქონდა შეხება, ხშირი იყო ანტიკოაგულანტების, ანტითრომბოზული საშუალებების, ანტიბიოტიკების, სტეროიდების, იმუნომოდულატორების არამიზნობრივად ან დაავადების სხვადასხვა ეტაპებზე არასწორად გამოყენების შემთხვევები“.

ჰოსპიტალურ სექტორში მკურნალობის პროცესში დაშვებულ შეცდომებზე ლაპარაკი ნანა გეგეჭკორისთვის რთულია, რადგან მას არ აქვს წვდომა არანაირ ანალიზსა თუ გამოკვლევაზე, რაც მას საშუალებას მისცემდა დეტალურად ელაპარაკა ამ საკითხზე, თუმცა, ისევ და ისევ ქართველ კოლეგებთან და პაციენტებთან ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამბობს:

„ყველაზე თვალსაჩინო, ამ ეტაპზე, მართვით სუნთქვაზე გადასვლასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. დაგვიანებული ინტუბაცია, ალბათ, არის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული პრობლემა, რასაც არაერთხელ გადავაწყდი“.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში პაციენტების მდგომარეობის დამძიმება შეუქცევად ხასიათს იღებს, ნანა გეგეჭკორის თქმით, ეს არის უნდობლობა ექიმს, პაციენტსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის:

„ხშირად სწორი გადაწყვეტილებების დაგვიანების მიზეზი თვითონ პაციენტები იყვნენ. ისინი არ იძლეოდნენ მართვით სუნთქვაზე გადაყვანის ნებართვას მანამ, სანამ კრიტიკულ ზღვარს არ უახლოვდებოდნენ. ამ დროს უკვე ძალიან რთული იყო მნიშვნელოვნად დაზიანებული ფილტვებით პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა. ნებისმიერ მკურნალობას ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი აქვს: ხარისხი და დრო. რაოდენ ბრწყინვალე ხარისხისაც არ უნდა იყოს სამედიცინო სერვისი, თუ ის დროული არ არის, სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. დაგვიანებული ან ნაადრევი გადაყვანა მართვით სუნთქვაზე, კლინიკურ გამოსავალს უკეთესობისკენ ვერ ცვლის“.

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ნანა გეგეჭკორი საქართველოში კოვიდ-პაციენტების მართვის პროცესზე დაკვირვებისას წააწყდა, ეს არის ლოგისტიკური პრობლემები. მაგალითად, ანალიზების პასუხების დაგვიანება, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა:

„პაციენტის ორგანიზმიდან მიღებული მასალის ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პასუხი გვეცოდინება უახლოეს 24 - 48 საათში. ქართული კლინიკების უმრავლესობაში კი ამ ანალიზს რამდენიმე დღე სჭირდება. ამ პერიოდისთვის პაციენტის ბაქტერიოლოგიური ფლორა შეიძლება სრულიად შეცვლილი იყოს. ამავე რიგშია დიაგნოსტიკის საშუალებებზე ან სამკურნალო პრეპარატებზე ხელმისაწვდომობა. ალბათ ხშირად გინახავთ ადამიანები სოციალურ ქსელებში როგორ ეძებდნენ საჭირო მედიკამენტებს. საქართველო ეკონომიურად მწირი შესაძლებლობების ქვეყანაა. ამას ემატება ორგანიზაციული პრობლემები, ჯანდაცვის სისტემისადმი დაბალი ნდობის ხარისხი, ადამიანების ზოგადი სოციალური მდგომარეობა, რომლითაც ისინი ამ ურთულეს პერიოდს შეხვდნენ და ყველაფერი ერთად ჯამში განაპირობებს კოვიდის მართვის იმ ხარისხს, რაც დღეს გვაქვს“.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა კლინიკებში კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკის კრიტიკულად განსხვავებული მაჩვენებლების შესახებ, 27 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ სახალხო დამცველს მიმართა, რათა შეისწავლოს, ხომ არ აქვს ადგილი უთანასწორო მკურნალობის შემთხვევებსა და ამ მხრივ, დისკრიმინაციას:

ანა არგანაშვილი
ანა არგანაშვილი

„როდესაც ჩვენ მოვისმინეთ ეკატერინე ტიკარაძის განცხადება და მონაცემები კლინიკებში გარდაცვალების განსხვავებული მონაცემების შესახებ და იმის შესახებ, რომ ეს ინფორმაცია არ არის საჯარო, რა თქმა უნდა, გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ვინაიდან ეს პრობლემა ცნობილი იყო მთავრობისთვის და არ მოაგვარეს, ეს შეიძლებოდა გამხდარიყო უთანასწორობის საფუძველი საზოგადოებაში. ანუ, ვისაც ჰქონდა და აქვს ინფორმაცია, რომელი კლინიკაა უმჯობესი და სად არის პაციენტების მართვის უკეთესი შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ის უპირატეს მდგომარეობაშია. სახალხო დამცველს მივმართეთ და მოვითხოვეთ, გამოიკვლიოს, შეიძლება თუ არა გახდეს უთანასწორო ანუ დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველი კლინიკებში გარდაცვალების მაჩვენებლის ინფორმაციის დაფარვა. ვითხოვთ დარწმუნებას, რომ ხალხი არ ხდება დისკრიმინაციის მსხვერპლი კლინიკებს შორის არათანაბარი მდგომარეობის გამო. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღოს თანაბარი სამედიცინო მზრუნველობა. იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი ამ საკითხს შეისწავლის ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში. ჩვენ ვსვამთ კითხვას, რომ, მაგალითად, იმ ადამიანებს, ვისაც ჰქონდათ განსაკუთრებული რისკები, მიეცათ თუ არა შესაძლებლობა, რომ მიეღოთ საუკეთესო მომსახურება და ამ ინფორმაციის დამალვის ფონზე ხომ არ ხდება დისკრიმინაციული მოპყრობა“.

27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 13 583 ადამიანია გარდაცვლილი.

2021 წელს COVID19-ის მართვისთვის ბიუჯეტში 810 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ეს თანხა 310 მილიონი ლარით მცირდება და 500 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ეს თანხა გადანაწილდება სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების, მკურნალობის ხარჯების, ტესტირების, კვლევებისა და ვაქცინაციისთვის.

კოვიდის მართვისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის შემცირების მიზეზი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ასე განმარტა:

„ძალიან ძნელია დღეს, წინასწარ გააკეთო ზუსტი პროგნოზი, თუ რამდენი ინფიცირებული გვეყოლება მომავალ წელს. ეს შემცირება გამოიწვია გათვლებმა – გასულ წელს ყველაზე მწვავე პერიოდი გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში, ამიტომ ხარჯები 2021 წელს ავანაზღაურეთ. გადმოყოლილი ვალდებულებების გამო, მეტი თანხის დახარჯვა გახდა საჭირო. მეორე მხრივ, თუნდაც არასაკმარისი, მაგრამ ვაქცინაციის 30%-იანი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მოლოდინი გვაქვს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება, ვიდრე იყო 2021 წელს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

არადა, დღეს, COVID19-ის ახალმა შტამმა „ომიკრონმა“ მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. მუტაცია, რომელიც მის ყველა წინამორბედზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება და რეინფიცირების მაღალი რისკი აქვს, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობას დღითიდღე ზრდის. ევროპის ქვეყნები ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რეკორდულ მაჩვენებლებზე ადიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, „ომიკრონი“ „დელტა“ შტამთან შედარებით დაავადების მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, არსებობს მოლოდინი, რომ გადადების მაღალი რისკის გამო, ჰოსპიტალური სექტორი დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG