Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრმა არ დაასახელა საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების დრო


საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უარყოფს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები ცდილობდნენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძალით გადაყვანას გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ბრეგაძის თქმით, ზოგადად, როცა პატიმარი არ ემორჩილება კანონიერ მოთხოვნას, იძულებითი ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ 27 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეს არ მომხდარა.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 28 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე რატი ბრეგაძემ გაიმეორა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული განცხადება, რომ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება, მკურნალობის დასრულების შემდეგ მიღებულ იქნა მისი გაწერის გადაწყვეტილება, რასაც სააკაშვილი არ დაემორჩილა, აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და ამის გამო პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავში მისი გადაყვანა გადაავადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მკურნალობის დასრულების და სამედიცინო პერსონალის მხრიდან გაწერის შემდეგ პატიმარი საავადმყოფოში ვერ დარჩება. ბრეგაძემ ტყუილი და სამარცხვინო სპეკულაცია უწოდა ვერსიას, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალმა მიხეილ სააკაშვილის გაწერით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. იუსტიციის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ჰოსპიტალი ყოველთვის მოქმედებს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

რატი ბრეგაძემ დღეს არ დაასახელა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების დრო და განაცხადა, რომ ამას სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციის შედეგად გადაწყვეტენ.

ჟურნალისტების შეკითხვას, თუ მიხეილ სააკაშვილი უარს იტყვის გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვებაზე საპატიმროში ძალის გამოყენებით დააბრუნებენ თუ არა, ბრეგაძემ უპასუხა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუ ვინმე კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილება, არსებობს იძულებითი ღონისძიების გამოყენების კანონიერი საფუძველი და ნებისმიერი პირის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება.

შეკითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა, რომ არსებული სტანდარტით, რომელიც ყველაზე ვრცელდება, ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, პატიმარი გადაჰყავთ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილსაც იქ გადაიყვანენ, რადგან გამონაკლისი არავინაა.

გასულ ღამით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

იუსტიციის სამინისტროს თანახმად, შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ. ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG