Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, შეაჩეროს „მემორიალის“ ლიკვიდაციაზე გადაწყვეტილების აღსრულება


ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, შეაჩეროს „საერთაშორისო მემორიალისა“ და უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ ლიკვიდაციის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

ორგანიზაციების ლიკვიდაციის ერთ-ერთი მიზეზია ბრალდება უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის დარღვევაში. კერძოდ, მათ ედავებიან, რომ საკუთარ მასალებს არ უკეთებენ შესაბამის მარკირებას. იუსტიციის სამინისტრო და პროკურორები აცხადებდნენ, რომ „მემორიალი“ სისტემატურად მალავდა ინფორმაციას უცხოეთის აგენტების ფუნქციის შესრულების თაობაზე.

ევროსასამართლოში აღნიშნეს, რომ ორგანიზაციების ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნება გადაწყვეტილება უცხოეთის აგენტების შესახებ კანონმდებლობის თაობაზე საჩივართან დაკავშირებით. საჩივარი „საერთაშორისო მემორიალმა“, უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“ და რუსეთის სხვა არაკომერციულმა ორგანიზაციებმა 2013 წელს შეიტანეს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „საერთაშორისო მემორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება 28 დეკემბერს მიიღო. რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნას, გააუქმოს რუსეთის ერთ-ერთი უძველესი უფლებადამცველი ორგანიზაცია, დაუპირისპირდნენ ნობელის პრემიის რამდენიმე ლაურეატი, მსოფლიო მასშტაბის მეცნიერები, მწერლები და მუსიკოსები, ასევე აშშ, ევროკავშირი და ევროპის საბჭო.

ადამიანის უფლებების დამცველი ცენტრი „მემორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მიიღო 29 დეკემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG