Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს


საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, ექიმების დამოუკიდებელ ჯგუფს არ ეძლევა სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა და დაუცველია ადვოკატებთან მისი შეხვედრის კონფიდენციალურობა.

დღეს, 3 იანვარს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ადვოკატებმა, შოთა თუთბერიძემ და ბექა ბასილაიამ მედიას უთხრეს, რომ თუ ეს პრობლემები 6 იანვრამდე არ მოგვარდება, მიხეილ სააკაშვილი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, თუმცა, კონკრეტულად რა ფორმას, არ თქვეს.

ადვოკატების თანახმად, რუსთავის დაწესებულებაში არ აქვთ ჩამწერი და მოსასმენი აპარატურისგან თავისუფალ სივრცეში მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის და ორმხრივი წერილობითი კომუნიკაციის საშუალება, ცენტრ „ემპათია"-ს მიერ შექმნილი ჯგუფის წარმომადგენლებს კი არ ეძლევათ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა.

"მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მივიღებთ ორ შედეგს. პირველი გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეუქცევადად გაუარესდება და შეიძლება მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა. და მეორე - თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში მიმართავს ის პროტესტის უკიდურეს ფორმას“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ. ადვოკატის თქმით, რა იქნება უკიდურეს ფორმა, ამ ეტაპზე ვერ დააზუსტებს.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 დეკემბერს, გვიან ღამით გადაიყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე - 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის გამო უფლებამოსილების გადამეტების, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG