Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი: დროა ავამუშაოთ სამოქმედო გეგმა, საქართველოსთვის და უკრაინისთვის 2008 წელს ნატოსთან მიმართებით მიცემული პირობის შესასრულებლად


ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი საინტერნეტო გამოცემა politico-ს ევროპულ ვერსიაში აქვეყნებს წერილს, რომლითაც ეხმიანება მოსკოვის მიერ დასავლეთის ძალებისადმი ახლახან წამოყენებულ ულტიმატუმებს უსაფრთხოების სფეროში და ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში ამ მოთხოვნების განხილვა დაუშვებელია. "თუ ნატოელი მოკავშირეები ჩაერთვებიან რუსეთის უახლეს წინადადებებთან მიმართებით, ამით ისინი პირდაპირ გაუმართავენ ხელს [ვლადიმირ პუტინს] კიდევ ერთი ნაბიჯით დაახლოებაში მისი მიზნის მიღწევისკენ - კერძოდ, რუსეთს მიანიჭებენ ძალას გადაწყვიტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოება", - წერს ის.

"რუსეთის ახალი წინადადებების თანახმად, ნატოს მოსკოვის ნებართვა დასჭირდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ძალების განთავსებისთვის, მან თავი უნდა შეიკავოს 'ნებისმიერი სამხედრო აქტივობისგან' აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში და შუა აზიაში და უნდა შეაჩეროს სამხედრო წვრთნები რუსეთის სიახლოვეს. შეთანხმება ასევე მოითხოვს წერილობით გარანტიას, რომ უკრაინას არ შესთავაზებენ ნატოს წევრობას, - წერს ის და დასძენს, - ეს არ არის სერიოზული წინადადება კაცისგან, რომელსაც მშვიდობა სურს".

ანდერს ფოგ რასმუსენი აღნიშნავს, რომ რუსეთს ასეთი რამ წარსულშიც უცდია. "2009 წელს ნატომ უარყო რუსეთის მიერ შემოთავაზებული ევროპის უსაფრთხოების ხელშეკრულების პროექტი, რადგან ნატო-რუსეთის ურთიერთობას უკვე საკმარისად ფარავს და მართავს 1997 წელს გაფორმებული 'ორმხრივი კავშირების დამფუძნებელი აქტი', ეუთოს 1999 წლის ევროპული უსაფრთხოების ქარტია და 2002 წლის რომის დეკლარაცია, რომლითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რუსეთის ინტერესების გასათვალისწინებლად და დიალოგის წასახალისებლად, ნატო-რუსეთის საბჭოს დაარსებით", - წერს ნატოს ყოფილი ხელმძღვანელი.

"პუტინს აქვს უნარი შექმნას კრიზისები საიმისოდ, რომ ისინი მოგვიანებით გადაჭრას, როგორც მეხანძრე შეეცდებოდა მის მიერვე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას - და უკრაინაში შეჭრის მუქარით, ის თვლის, რომ აშშ და დასავლეთის სხვა ძალები, შესაძლოა, კრემლთან პირდაპირ მოლაპარაკებაში შევიდნენ ... დათმობები შესთავაზონ, საშუალება მისცენ გავლენა შეინარჩუნოს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე, მშვიდობის სანაცვლოდ... დადგა დრო, ნატომ პუტინის ბლეფი გამოააშკარაოს", - ვკითხულობთ რასმუსენის წერილში.

ნატოს ყოფილი ხელმძღვანელი წერს, რომ აშშ-მა ან ნატომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცენ პირობები სამომავლო გაფართოებასთან დაკავშირებით.

"ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ პუტინის დე ფაქტო ვეტო უკრაინის და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, რასაც ის აღწევს ამ ქვეყნებში დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების გამოწვევით - და ამ ინტენსივობას ის თავისი დღის წესრიგის შესაბამისად უმატებს ან მოუკლებს. 2008 წელს ჩვენ საქართველოს და უკრაინას ნატოს მაგიდასთან ადგილებს დავპირდით და დადგა დრო, ავამუშაოთ სამოქმედო გეგმა ამ დაპირების შესასრულებლად. თუ აუცილებელი გახდება, ამის გაკეთება შეგვიძლია დათქმით, რომ ნატოს მეხუთე მუხლი მხოლოდ ფარავს კიევის და თბილისის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს - მაგრამ არ შეიძლება ნატოს გაფართოებასთან მიმართებით ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა, რომელშიც პუტინს საშუალება ექნება კარისკაცივით იმოქმედოს", - წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.

9-10 იანვარს აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლები ჟენევაში გამართავენ მოლაპარაკებას უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდით გამოწვეული კრიზისის შესახებ, იმ ფონზე, როცა მოსკოვმა ახლახან უსაფრთხოების სფეროში ფართომასშტაბიანი მოთხოვნები წაუყენა აშშ-სა და ნატოს. ორმხრივი მოლაპარაკებებიდან რამდენიმე დღეში გაიმართება შეხვედრები რუსეთის და ნატოს წარმომადგენლებს შორის, ასევე შედგება შეხვედრები ეუთოს ეგიდით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG