Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე აშშ-ის საელჩოს კრიტიკაზე: ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელშიც გაკრიტიკებულია მმართველი პარტიის გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, "ფაქტობრივი შეცდომები" იყო. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ქართული საზოგადოების ნდობას არყევს.

"ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30-წლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ძალიან ხშირად ჩვენ მათგან ვიღებთ ხოლმე რჩევებს და ვითვალისწინებთ ამ რჩევებს. მაგრამ არის ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს... სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი. ჩვენ ვიცით, რომ არის ადამიანური შეცდომები და არასწორი ინფორმაცია, თუმცა საზოგადოებისთვის ეს არ არის არც ახსნა და არც გამართლება", - თქვა კობახიძემ.

3 იანვარს საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო. საელჩო კრიტიკასთან ერთად აღნიშნავდა, რომ მისი შეფასებით, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.

"გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა... განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით", - ნათქვამია განცხადებაში.

კანონი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და ორ ახალ სტრუქტურას ქმნის, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული სახით 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონით, 1 მარტიდან თანამდებობას ტოვებენ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. ის ამბობდა, რომ მისი უწყების გაუქმებაზე რაიმე სახის კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ჰქონია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განზრახვას ლონდა თოლორაია უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა. იგივე პოზიცია ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG