Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ინსპექტორი: უკმაყოფილება "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი გაუქმების კანონპროექტად აქცია


სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ფიქრობს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილების გამო პარლამენტმა, "ქართულმა ოცნებამ", ამ უწყების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. მან საგანგებო ბრიფინგზე, თქვა, რომ ის არავის არასდროს უთანხმებდა გადაწყვეტილებებს.

"სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილება საქართველოს პარლამენტის წევრების ["ქართული ოცნების"] მიერ კომენტარებშიც პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით იქნა ნათქვამი და დღეს უკვე ეს უკმაყოფილება იქცა კანონპროექტად", - თქვა ლონდა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ მისი უწყება მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდია, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა გამოწვევის საპასუხოდ შეძლო აემაღლებინა საზოგადოების ნდობა ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიების მიმართ.

"მიუხედავად იმისა, რომ წინ შეგვხვდა არაერთი დაბრკოლება - გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებლობის არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და საქმიანობის არაქმედითი ბერკეტები, არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, გვქონდა და გვაქვს უწყებების მხრიდან თანამშრომლობის პრობლემა, სამსახურის გუნდმა, კეთილსინდისიერი მუშაობით, შეძლო დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბება და საზოგადოების ნდობის მოპოვება. სამსახურის მუშაობას, მისი ამოქმედებიდან ორი წლის თავზე, დადებითად აფასებენ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციები", - თქვა თოლორაიამ.

მისი თქმით, არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ შედმეგი ნაბიჯები გადაიდგა:

  • 2019 წელს პარალამენტს წარედგინა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ახალი კანონი, რომელიც ბოლო 2 წელია არ განხილულა;
  • პარლამენტში ამ დრომდე არ განხილულა მათი საქმიანობის 2020 წლის ანგარიში - მისი თქმით, "ისტორიაში პირველად, პარლამენტმა არ მოისმინა".

"ნაცვლად იმისა, საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული გაუქმების ძალიან სახიფათო პროცესი", - თქვა მან.

სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი მაშინ დაარეგისტრირა, როცა ის დეკრეტულ შვებულებაში იყო, რამდენიმე დღით ადრე კი შვილი შეეძინა. მან საგანგებო ბრიფინგზე, ასევე თქვა, რომ მმართველმა პარტიამ კანონპროექტის დარეგისტრირება დროში დაამთხვია საახალწლო პერიოდს, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების უმრავლესობა შვებულებაშია.

"კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო სრულიად კონსპირაციული, მასში მონაწილეობა არ მიუღია არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დარგის არცერთ ექსპერტს. კანონპროექტის დაინიცირების დრო, რატომღაც, დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში და დაემთხვა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას, თუმცა მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად", - თქვა ლონდა თოლორაიამ.

​მანვე აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის რეორგანიზაცია კი არ ხდება, არამედ ლიკვიდაცია და კანონის მიღების შემთხვევაში, 2022 წლის 1 მარტიდან ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება.

"საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა არა მარტო სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, არამედ სრულიად ყველა თანამშრომლის. მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ მათთვის მიუღებელია ყველა თანამშრომელი, რომელიც ღია და გამჭვირვალე კონკურსით, ნეპოტიზმის გარეშე დაინიშნენ", - თქვა თოლორაიამ.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე, 28 დეკემბერს წარედგინება.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე, 28 დეკემბერს წარედგინება.

XS
SM
MD
LG