Accessibility links

site logo site logo

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ინსპექტორის აპარატის გაუქმების კანონპროექტს ეხმიანება


საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" დაუშვებლად მიიჩნევენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, რომლის საკანონმდებლო წინადადების ავტორებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან. ამ საკითხზე ოპოზიციონერმა ლიდერებმა პარლამენტში ბრიფინგი გამართეს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ ინსტიტუციას უთხრის ძირს და აყენებს უზარმაზარ დარტყმას, წარმოადგენს ღია გზავნილს უმრავლესობის მხრიდან ყველა მათგან დამოუკიდებელი თუ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიმართ და ასევე საჯარო მოხელეების მიმართ - "ისინი დაისჯებიან საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა, "ლელოს" წევრმა.

დამატებით "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაუკავშირა.

"ინსპექტორი სამსახურმა დაიწყო გამოძიება პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. ეს ნაბიჯი, რომელსაც რესტრუქტურიზაციას არქმევს ივანიშვილის რეჟიმი, სინამდვილეში მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერდეს ეს გამოძიება და გადაეცეს ადამიანს, რომელიც არასდროს დაადგენს სიმართლეს. ეს არის რეალურად ამ რეფორმის მიზანი", - თქვა თინა ბოკუჩავამ.

ამ ბრიფინგამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე თავად სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გამართა ბრიფინგი. ის ფიქრობს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილების გამო პარლამენტმა, "ქართულმა ოცნებამ", ამ უწყების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

"სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილება საქართველოს პარლამენტის წევრების ["ქართული ოცნების"] მიერ კომენტარებშიც პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით იქნა ნათქვამი და დღეს უკვე ეს უკმაყოფილება იქცა კანონპროექტად", - თქვა ლონდა თოლორაიამ.

მანვე ისაუბრა რამდენიმე გარემოებაზე, რომლებიც მას კითხვებს უჩენს:

"კანონპროექტის დაინიცირების დრო, რატომღაც, დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში და დაემთხვა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას, თუმცა მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად".

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე, 28 დეკემბერს წარედგინება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG