Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას გუნდი სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს


ანა ბუჩუკური
ანა ბუჩუკური

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" არ აპირებს მხარი დაუჭიროს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუმარტა მიზეზები, რის გამო ამბობს უარს პარლამენტში 6 მანდატის მქონე პარტია ინიციატივის მხარდაჭერაზე:

"ყველაზე მავნებლურ გადაწყვეტილებას როდესაც იღებდა "ქართული ოცნება", ერთადერთი დამოუკიდებელი უწყების [ინსპექტორის სამსახურის] გაუქმებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" პლენარულ სხდომათა დარბაზში არც კი გამოცხადდა... ქვეყანაში როცა არის სისტემური პრობლემები, პარლამენტში შეიქმნას პირველი საგამოძიებო კომისია ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ეს სწორ და მიზანმიმართულ გადაწყვეტილებად არ მიმაჩნია", - თქვა ანა ბუჩუკურმა.

გარდა ამისა, დეპუტატი ამბობს, რომ მაშინ, როცა ამ საქმეს ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს, საგამოძიებო კომისიის შექმნა უწყების გაუქმების ხელშემწყობ ფაქტორად აღიქმება.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიციიდან ამ კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს "გირჩი", "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ორი პირობის შესრულების შემთხვევაში.

გუშინ, 3 იანვარს, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების დახმარებით ოპოზიციას მიმართა, რომ მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. სააკაშვილის თქმით, ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, პარლამენტში კი ოპოზიციიდან 66 დეპუტატია. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელი იქნება "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვას ბოიკოტის რეჟიმზე.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ამავე დღეს ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო. ადვოკატები ამბობდნენ, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა, პენიტენციურმა სამსახურმა კი "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე", სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ, ციხის ტერიტორიაზე პატიმრების მხრიდან მისი მისამართით ისმოდა გინება და შეურაცხყოფა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხეში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა სააკაშვილის საკანშიც. ადვოკატების თქმით, ეს იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG