Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გაათავისუფლეს ოჩამჩირის რაიონის ხელმძღვანელი, იუწყებიან ახალი წლის ღამეს მის მიერ სროლის შესახებ


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ოჩამჩირის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბესლან ბიგვავა - იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს გამოძიება ახალი წლის ღამეს, სოხუმის სასტუმრო "გარუდაში" მომხდარი სროლის გარშემო და არსებობს ცნობები, რომ სროლა სწორედ ბიგვავამ დაიწყო და ორი ადამიანი დაჭრა.

4 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას საიტზე გამოქვეყნდა ბრძანება, რომ ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბესლან ბიგვავა პოსტიდან გადაყენებულია წინასწარი გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე ინციდენტის შესახებ 1 იანვარს გამოქვეყნდა მოკლე განცხადება, რომ საავადმყოფოში მოთავსებულია სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი და რომ მიმდინარეობს გამოძიება. განცხადებაში დეტალები ან ინციდენტში მონაწილეთა სახელები დაკონკრეტებული არ ყოფილა.

რადიო თავისუფლების პროექტ "ეხო კავკაზას" კორესპონდენტი იუწყება, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში ინციდენტს აქტიურად განიხილავენ, სოციალურ ქსელებში ასახელებენ სახელებს, გავრცელდა ვიდეოჩანაწერიც, რომელიც სროლის შემდეგ არის გადაღებული და ინციდენტის ყველა მონაწილე ჩანს. თუმცა, სროლიდან ოთხი დღის შემდეგაც დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შსს არც დამატებით ინფორმაციას ავრცელებს და არც იმას აკონკრეტებს, ვის წინააღმდეგაა აღძრული საქმე.

"ეხო კავკაზას" კორესპონდენტი ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესლან ბიგვავა ისროდა. დაჭრილთაგან ერთ-ერთი მომღერალი თამაზ წულუკიაა, რომელიც ფეხში დაიჭრა და შესაბამისი ოპერაცია გაუკეთდა, მეორე დაზარალებულს კი ტყვია თავის არეში შეეხო, მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არ გახდა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG