Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე ვარაუდობს იანვრის განმავლობაში „ომიკრონის“ შემთხვევების სერიოზულ ზრდას


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში ივარაუდა კორონავირუსის შტამის, „ომიკრონის“, შემთხვევების ზრდა.

„3 იანვრიდან დღემდე, 5 იანვრის ჩათვლით, არის დამატებით კიდევ 103 შემთხვევა. ზრდა არის დინამიკური, ის არ არის ჯერჯერობით სამჯერადი, ოთხჯერადი, ჯერჯერობით მერყეობს 30%-40%-ის ფარგლებში“, - თქვა მან.

NCDC-ის ხელმძღვანელი მონაცემებს ორ ფაქტორს უკავშირებს - ქვეყანაში „ომიკრონის“ ცირკულაციის ზრდას და წინასაახალწლო პერიოდში მობილობის სერიოზულ მომატებას.

გამყრელიძე ვარაუდობს, რომ იანვარში „ომიკრონის“ ახალი შემთხვევების სერიოზული ზრდა იქნება.

„ამასთან დაკავშირებით მზად არის ჯანდაცვის სისტემა. ვფიქრობ, რომ ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს ამ ახალ შემოტევას“, - თქვა გამყრელიძემ.

"ომიკრონი", რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკაში, დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვს.

ორწლიანი პანდემიის პერიოდში გამოვლენილია დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის არაერთი სახეობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარიანტებს ანაწილებს ინტერესის ან შეშფოთების გამომწვევ სახეობებად და მათ ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნავს. ამ დროისთვის შემაშფოთებელ ვარიანტებად მიჩნეულია: "ალფა", "ბეტა", "გამა", "დელტა" და "ომიკრონი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG