Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა სააკაშვილი ციხეში გამოჰკითხა


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატის თანდასწრებით გამოჰკითხა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა. როგორც გამომძიებელი ამბობს, გამოძიების პროცესზე გავლენა არ მოუხდენია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. „გამოძიება მიმდინარეობს კომპლექსურად. თავიდანვე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა გამოკითხვები“, - თქვა ვასილ კაკაშვილმა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე საქმეზე გამოკითხული არიან არა მარტო ექიმები, არამედ სულ 150-მდე პირი. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების საქმეს, მათ შორის გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებს.

ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, შეკითხვები ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ იძულების ღონისძიების რამდენჯერმე გამოყენების ფაქტს. „მივაწოდეთ ამომწურავი და სრული ინფორმაცია, რაც შეგვეძლო ამ ფაქტთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ამ საკითხს დაჩქარებულ ვადებში განიხილავს და რაღაც შედეგი ექნება“, - თქვა თუთბერიძემ.

გამომძიებელი და ადვოკატი გამოკითხვის შინაარსის შესახებ საუბრისგან თავს იკავებენ.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ამავე დღეს ექსპრეზიდენტმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. ადვოკატები ამბობდნენ, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა, პენიტენციურმა სამსახურმა კი "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე", სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ, ციხის ტერიტორიაზე პატიმრების მხრიდან მისი მისამართით ისმოდა გინება და შეურაცხყოფა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციხეში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა სააკაშვილის საკანშიც. ადვოკატების თქმით, ეს იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ.

20 ნოემბერს სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახლა ისევ რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია. მმართველი პარტიის განცხადებით, მისი შიმშილობის შემდგომი მკურნალობის პროცესი ციხეში დაბრუნებამდე ორი კვირით ადრე დასრულდა და მისი ყოფნა გორის სამხედრო ჰოსპიტალში აღარ იყო საჭირო.

XS
SM
MD
LG