Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელმიკო: შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება გადასახადების გადაანგარიშება


თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია (თელმიკო) უარყოფს 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შესახებ ცნობას.

თელმიკოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სემეკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან შეიცვალა მრიცხველის წაკითხვის პერიოდი და ელექტროენერგიის გადახდის ვადა. კომპანია განმარტავს, რომ აღრიცხვის ახალ მოდელზე გადასასვლელად, 2021 წლის დეკემბრის ბოლოს სს თელასმა მრიცხველებიდან აიღო ჩვენება, ხოლო, მიღებული ჩვენებების საფუძველზე თელმიკომ მოამზადა და გაგზავნა ქვითრები.

„ჩვენების აღების პროცესში შესაძლოა, გამოვლინდეს უზუსტობები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ჩვენებების დეტალური ანალიზი, შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება გადასახადების გადაანგარიშება. ამასთან ერთად, გადასახადის კორექტირების პროცესში, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა არ მოხდება.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ სერვისით *303#, ან მოგვმართოთ ქოლ ცენტრში, ფეისბუქის, ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. თელმიკოს ქოლ ცენტრის ნომერი +995 32 5 000 777, ელ-ფოსტა: info@telmico.ge", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება აბონენტების მიერ ორი ქვითრის მიღებას, კომპანიის განმარტებით, ეს უკავშირდება მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლის საკითხს. თელმიკოს მიერ 30 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში თელმიკოს მომხმარებლების დიდი ნაწილი კიდევ ერთ ქვითარს მიიღებს, რომელშიც ასახული იქნება დეკემბრის დარჩენილი დღეების ელექტროენერგიის ხარჯი".

მანამდე, 7 დეკემბერს კი სს თელასმა განმარტა: „თბილისში მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში, მიმდინარე წლის დეკემბერში აბონენტების ნაწილის მრიცხველის წაკითხვა ორჯერ მოხდება - ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირებული ჩვენება (არაუმეტეს 30 დღის) და დეკემბერის ბოლოს დაფიქსირებული ჩვენება. ეს შეეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, ვისაც ეცვლება მრიცხველის წაკითხვის ვადა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG