Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთი: პრეზიდენტი ტოყაევი ნაზარბაევის ნაცვლად უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს


ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი
ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი

მაშინ, როცა ყაზახეთში გრძელდება ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები, პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა კვლავ განაცხადა ტელეგამოსვლაში, რომ არ დატოვებს დედაქალაქ ალმათის.

მან ასევე თქვა, რომ საკუთარ თავზე იღებს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას. მანამდე ყაზახეთის უშიშროების საბჭოს სათავეში ედგა ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი.

მოსახლეობისადმი მიმართვაში ტოყაევმა თქვა, რომ მიღებული ზომები საკმარისი არ არის. პრეზიდენტის თქმით, არეულობის უკან დგანან მოტივირებული შეთქმულები, რომელთაც საკუთარი გეგმა მოეპოვებათ. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილი აქვს, მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედოს კანონის დამრღვევთა მიმართ.

საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა ენერგომატარებლების ფასების ზრდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო.

წუხელ გადადგა ყაზახეთის მთავრობა. ოთხშაბათს დილით დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის მერიაში. ხანძარი გაჩნდა ქვეყნის რამდენიმე სამთავრობო შენობაში.

ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტა რამდენიმე ტელეარხმა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ნურ-სულთანსა და ალმათიში გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.

დემონსტრანტებმა ხელში ჩაიგდეს ალმათის აეროპორტი, რის გამოც დროებით შეწყდა საჰაერო მიმოსვლა.

პრეზიდენტმა ტოყაევმა დედაქალაქ ნურ-სულთანში, ალმათიში, ასევე მანგისტაუსა და ალმათის ოლქებში 19 იანვრამდე შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 23:00-დან 07:00-მდე მოქმედებს.

გამოსვლები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნაზარბაევის მიერ შექმნილ რეჟიმს. თავად ნაზარბაევი 2019 წელს გადადგა და თავის ერთგულ ტოყაევს შეუწყო ხელი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებაში.

როგორც იტყობინებიან, ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში ქალაქ თალდი-ყორღანში დემონსტრანტებმა ყაზახეთის ჰიმნის ფონზე ჩამოაგდეს ნაზარბაევის ძეგლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG