Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყების ცნობით, ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს.

საგარეო უწყებიდან რადიო თავისუფლებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ამ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.

ყაზახეთში დემონსტრანტები რამდენიმე ქალაქში შეიჭრნენ სამთავრობო დაწესებულებების შენობებში. მოხდა ხალხის შეტაკებები პოლიციასთან და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან.

საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა ენერგომატარებლების ფასების ზრდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო.

წუხელ გადადგა ყაზახეთის მთავრობა. პრეზიდენტმა ტოყაევმა მიიღო კაბინეტის გადადგომა.

ოთხშაბათს დილით დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის მერიაში. ხანძარი გაჩნდა ქვეყნის რამდენიმე სამთავრობო შენობაში.

ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტა რამდენიმე ტელეარხმა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ნურ-სულთანსა და ალმათიში გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.

პრეზიდენტმა ტოყაევმა დედაქალაქ ნურ-სულთანში, ალმათიში, ასევე მანგისტაუსა და ალმათის ოლქებში 19 იანვრამდე შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 23:00-დან 07:00-მდე მოქმედებს.

გამოსვლები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნაზარბაევის მიერ შექმნილ რეჟიმს. თავად ნაზარბაევი 2019 წელს გადადგა და თავის ერთგულ ტოყაევს შეუწყო ხელი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებაში.

XS
SM
MD
LG