Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაჩინსკი აცხადებს, რომ პოლონეთმა Pegasus-ის პროგრამა იყიდა, თუმცა უარყოფს, რომ თვალთვალის სამიზნე ოპოზიცია იყო


პოლონეთის მმართველი პარტიის, კანონის და სამართლის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ დაადასტურა, რომ პოლონეთმა იყიდა ისრაელის წარმოებული, მაღალი ტექნოლოგიის სათვალთვალო სოფტვერი - რომელსაც მსოფლიოში მოჰყვა შეშფოთება პირადი სივრცის დარღვევის შესახებ, პოლონეთშიც გავრცელდა ცნობები, რომ მთავრობა მისი გამოყენებით თავის კრიტიკოსებზე აწარმოებს თვალთვალს.

თუმცა კაჩინსკიმ, რომელიც, ამავე დროს, ვიცე-პრემიერია, უარყო ცნობები, რომ NSO Group-ის მიერ წარმოებული სოფტვერი Pegasus-ი მისი პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ იყო გამოყენებული.

პოლონეთის ონლაინ მედია ავრცელებს კაჩინსკის სიტყვებს, რომ საიდუმლო სამსახურები ბევრ ქვეყანაში იყენებენ Pegasus-ს დანაშაულთან საბრძოლველად და "ცუდი იქნებოდა პოლონეთის სამსახურებს რომ არ ჰქონდეთ ამგვარი საშუალება".

უფლებადამცველები გამოდიან გაფრთხილებით, რომ 2015 წლიდან ამ სოფტვერს არამართებულად იყენებენ ათობით შემთხვევაში, და მიზანში იღებენ ჟურნალისტების, აქტივისტების, პოლიტიკოსების, ადვოკატების და დიპლომატების სმარტფონებს 50-მდე ქვეყანაში, მათ შორის ყაზახეთში, ახლო აღმოსავლეთსა და მექსიკაში.

ნოემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ NSO Group-ი სავაჭრო შავ სიაში შეიყვანა და განაცხადა, რომ მისი ეს სოფტვერი რამდენიმე ქვეყანაში განხორციელებული "ტრანსნაციონალური რეპრესიის" უკან იდგა.

ასოშიეიტედ პრესი ავრცელებს საინტერნეტო უფლებადამცველი ჯგუფის, ტორონტოს უნივერსიტეტში განთავსებული Citizen Lab-ის სიტყვებს, რომ Pegasus-ის სათვალთვალო სოფტვერის სამიზნე გახდა პოლონეთის მთავრობის სულ მცირე სამი კრიტიკოსი.

Amnesty International-მაც დაადასტურა, რომ პოლონეთის ოპოზიციონერი სენატორის ტექსტური შეტყობინებები იქნა მოპარული, შეცვლილი, და სახელმწიფო ტელევიზიით ნაჩვენები არჩევნების წინ, რომელშიც მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს კაჩინსკის მოკავშირეებმა.

კაჩინსკიმ უარყო მოწოდებები სათვალთვალო სოფტვერის გამოყენების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნისკენ და თქვა, რომ Pegasus-ს როლი არ შეუსრულებია ორი წლის წინ ჩატარებულ არჩევნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG