Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის ხელისუფლების თანახმად, არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა


ყაზახეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ გასულ კვირაში ქვეყანაში მომხდარი არეულობების დროს დაიღუპა 164 ადამიანი. ასეთ მონაცემებს აქვეყნებს მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ადრე აცხადებდნენ, რომ დაიღუპა სამართალდამცავი ორგანოების 16 თანამშრომელი და 26 ადამიანი, რომლებსაც ხელისუფლება „ტერორისტებს“ უწოდებდა. ჯერჯერობით არ იტყობინებიან, დაღუპულთა შორის რამდენია მშვიდობიანი აქციების მონაწილე, რამდენი - შეიარაღებული არეულობებისა, რამდენი - ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი და სამოქალაქო პირი, რომლებსაც საპროტესტო გამოსვლებთან კავშირი არ ჰქონდათ. იტყობინებიან, რომ დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. არ ვრცელდება ცნობები არც იმაზე, თუ რა გარემოებებში დაიღუპნენ ეს ადამიანები.

თვითმხილველთა თქმით, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები უიარაღო ხალხსაც ესროდნენ. ადრე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ პოლიციასა და ჯარებს გაუფრთხილებლად სროლის უფლება ენიჭებათ. ეს ბრძანება მკაცრად გააკრიტიკეს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი ადამიანი, 103, დაიღუპა ალმათიში - ქალაქში, რომელიც არეულობების ცენტრი იყო. არის დაღუპულები კიზილოროდინსკში, ჟამბილისა და ალმათის ოლქებში. ჯანდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში სამედიცინო დახმარება ითხოვა 2 ათასზე მეტმა დაზარალეულმა, ათობით ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

10 იანვარი ყაზახეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ჯერჯერობით არ მოიპოვება იმის ზუსტი სურათი, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები არეულობაში, ვინ ჩაიგდო ხელში იარაღი და მონაწილეობდა სამართალდამცავ ორგანოებთან შეიარაღებულ შეტაკებებში. ყაზახეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალმათის თავს დაესხა „20 ათასი ტერორისტი“ (მოგვიანებით შსს-მ დააზუსტა, რომ ლაპარაკია ქალაქში საპროტესტო აქციების მონაწილეთა საერთო რაოდენობაზე), რომლებიც, თითქოს უცხოეთში იყვნენ მომზადებული. ამასთან დაკავშირებით ტოყაევმა სამხედრო ძალით დახმარება სთხოვა რუსეთს და სხვა მოკავშირეებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან.

როგორც იტყობინებიან, რუსეთისა და მოკავშირე სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს „სტრატეგიულ ობიექტებზე“, ხელისუფლება უარყოფს მათ მონაწილეობას საპროტესტო გამოსვლების ჩახშობაში. როგორც ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კონტინგენტის მეთაურმა, რუსეთის გენერალ-პოლკოვნიკმა ანდრეი სერდიუკოვმა განაცხადა კვირას, ჯარების განლაგება დასრულებულია. სერდიუკოვის თქმით, ჯარები ყაზახეთში დარჩებიან „ქვეყანაში ვითარების სრულ სტაბილიზაციამდე“. კონტინგენტის საერთო რიცხვის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ მოიპოვება. სავარაუდოდ ყაზახეთში იმყოფება ორგანიზაციის რამდენიმე ათასი ჯარისკაცი, მათი უმრავლესობა რუსეთმა გაგზავნა.

ხელისუფლების თანახმად, ამჟამად ქვეყანაში ხდება ვითარების ნორმალიზაცია. დამოუკიდებელი ჟურნალისტები და ადგილობრივი მოსახლეობა იუწყებიან, რომ ალმათიში ჯერ კიდევ ისმის სროლის ხმა, მაგრამ ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს. საპროტესტო აქციები არ იმართება.

XS
SM
MD
LG