Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალმათიში გაუქმდა ინტერნეტით სარგებლობაზე დაწესებული შეზღუდვა


ხუთდღიანი სრული გათიშვის შემდეგ, ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმათიში, რომელიც არეულობის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი იყო, კვლავ შესაძლებელი ხდება ინტერნეტით სარგებლობა. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, 10 იანვრის დილიდან ინტერნეტის მომხმარებლისთვის კვლავ ხელმისაწვდომია რადიოს ვებ-საიტი და მესიჯების გაცვლის სერვისი. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მუდმივად აღდგა თუ არა ინტერნეტის მუშაობა ალმათიში, თუ ეს დროებით ხასიათს ატარებს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყაზახეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ნურ-სულთანში, ინტერნეტით სარგებლობა დღეში სულ რამდენიმე საათის განმავლობაში იყო შესაძლებელი. 8 იანვარს ელექტრონულ კომუნიკაციაზე პასუხისმგებელმა მინისტრმა განაცხადა, რომ შეზღუდვა განპირობებული იყო იმით, რომ „ძალადობის“ უკან მდგარ სავარაუდო ბოროტმოქმედებს არ მისცემოდათ ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა. ინტერნეტის გათიშვის გამო ყაზახეთში მილიონობით მომხმარებელი დაზარალდა, რომლებსაც ინფორმაციაზე წვდომის გარდა, არ შეეძლოთ ესარგებლათ საბანკო და საგადასახადო მომსახურებით. მთლიანობაში ინტერნეტი გასულ კვირაში ალმათიში გათიშული იყო 111 საათის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით იმ 4 საათს, როდესაც პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მთავრობის გადადგომისა და უსაფრთხოების უმაღლეს ეშელონებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG