Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს


სტრატეგიული სტაბილურობის ორმხრივი ფორუმის ფარგლებში ორშაბათს აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ჟენევაში მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის ერთ-ერთ მთავარ თემასაც უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მიერ დეკემბერში წამოყენებული მოთხოვნების განხილვა წარმოადგენს.


მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის დელეგაციების ხელმძღვანელებმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში 10 იანვარს წინასწარი შეხვედრა, საქმიანი ვახშმის ფორმატით, გამართეს.


“ჩვენ განვიხილეთ, ჩვენს წინაშე მდგარი საკითხების შინაარსი, მაგრამ მოლაპარაკება რთული იქნება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან სერგეი რიაბკოვმა კვირას გამართული პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ. მან იმედი გამოთქვა, რომ ორშაბათის მოლაპარაკება იქნება საქმიანი და „მხარეები დროს ტყუილად არ დაკარგავენ“


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, კვირას განაცხადა, რომ არ მოელის რაიმე გარღვევას ჟენევის ორმხრივ მოლაპარაკებისგან ან ბრიუსელის ნატო-რუსეთის საბჭოს მსვლელობის განმავლობაში. 9 იანვარს, ტელეკომპანია ეი-ბი-სისთან ინტერვიუში ბლინკენმა აღნიშნა, რომ არ აქვს განსაკუთრებული მიღწევის იმედი ამ კვირის ბოლო ეუთოს ფარგლებში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაზე. „დღეს საკითხი ასე დგას: აირჩევს პრეზიდენტი პუტინი დიპლომატიისა და დიალოგის გზას, თუ კონფრონტაციის გზას დაადგება“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკების ფონია უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის თავმოყრა და აშშ-ისა და ნატოსადმი მოსკოვის მოთხოვნები.

2021 წლის 17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG