Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკს გაუგრძელა შინაპატიმრობის ვადა


უკრაინის სასამართლომ 6-დან 10 თვემდე გაუგრძელა შინაპატიმრობა პრორუსული ორიენტაციის კანონმდებელ ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც სახელმწიფო ღალატისა და უკრაინის ეროვნული რესურსების დატაცების ბრალდებით შარშანდელი ოქტომბრიდან იმყოფება პატიმრობაში.

კიევის პეჩორის რაინული სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების შესახებ უკრაინულ მედიას აცნობა მედვედჩუკის თანაპარტიელმა, რენატ კუზმინმა. უკრაინის რადის დეპუტატი ამტკიცებს, რომ სასამართლოს განაჩენი უკანონოა რამდენიმე მიზეზის გამო: პირველ ყოვლისა, სასამართლოს არ აქვს უფლება 6 თვეზე მეტი ხნით დატოვოს მედვედჩუკი შინაპატიმრობაში და, მეორეს მხრივ, სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა გენერალური პროკურატურის აპარატის წარმომადგენელი.

მედვედჩუკი, რომელსაც ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, უმაღლეს რადაში ხელმძღვანელობს ოპოზიციურ პლატფორმას "სიცოცხლისთვის", რომელიც პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიაა. მედვედჩუკი ეჭვმიტანილია სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან“ „ქვანახშირის პროდუქციის მიწოდების დანაშაულებრივი სქემის“ რეალიზაციაში 2014 წლის ბოლოდან 2015 წლის დასაწყისამდე პერიოდში.

გამოძიება ვარაუდობს, რომ მედვედჩუკის მოქმედებები ძირს უთხრიდა უკრაინის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე შეამოწმებს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მედვედჩუკის წინააღმდეგ ახალი საქმის ფარგლებში.

უკრაინა 2014 წლიდან ებრძვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ნელი ინტენსივობის ომში, რომელსაც 13 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მიმდინარე წლის მაისში მედვედჩუკი შინაპატიმრობაში მოათავსეს. სექტემბერში მას შინაპატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივეს.
ის ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG