Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთი "მძიმე საფასურს" გადაიხდის


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოსკოვი, რომ ის "მძიმე საფასურს" გადაიხდის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, თუმცა დასძინა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებამ, რომელიც რუსეთსა და აშშ-ის შორის 10 იანვარს, ჟენევაში დაიწყო, შესაძლოა გამოავლინოს კონფლიქტის თავიდან არიდების გზა.

"ჩვენ ასევე გვჭირდება ძალიან მკაფიო მესიჯის გაგზავნა რუსეთისთვის, რომ ჩვენ ერთიან პოზიციაზე ვართ და რომ რუსეთისთვის საფასური მძიმე იქნება - ეკონომიკური, პოლიტიკური საფასური - თუკი ისინი კიდევ ერთხელ გამოიყენებენ სამხედრო ძალას უკრაინის წინააღმდეგ" - თქვა სტოლტენბერგმა 10 იანვარს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, მას შემდეგ, რაც უკრაინის ვიცე-პრემიერს, ოლგა სტეფანიშინას შეხვდა.

"ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ, მას ვეხმარებით თავდაცვის უფლების შენარჩუნებაში" - დასძინა მან.

რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს და უკრაინის მოცვის მიზნით. კრემლს ასევე სურს ალიანსმა შეამციროს სამხედროების და შეიარაღების განთავსება აღმოსავლეთ უკრაინაში.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის უსაფრთხოების სფეროში მოლაპარაკებამ შესაძლოა ყველა საკითხი ვერ გადაჭრას, მაგრამ მან, შეიძლება, კონფლიქტის თავიდან არიდების გზა მოიტანოს.

სტეფანიშინას თქმით, რუსეთის მხრიდან მოთხოვნილი გარანტიები არ შეიძლება გახდეს მოლაპარაკების საფუძველი.

"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის მიერ მოკავშირეებისადმი წაყენებული მოთხოვნები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოლაპარაკების პოზიციად" - უთხრა მან ჟურნალისტებს, სტოლტენბერგთან ერთად საუბრისას. "აგრესორი არ არის პირობების წამოყენების პოზიციაზე, მანამ, სანამ რუსეთის ტანკები უკრაინის საზღვრიდან არ გავლენ" - დასძინა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG