Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ვეთანხმები მობილიზების გამოცხადებას, რომლის მიზანი არჩევნები და ჩემი გათავისუფლებაა


პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეთანხმება მისი პარტიის გეგმას, რომლის მისაღწევადაც "ნაციონალური მოძრაობა" საერთო მობილიზაციის გამოცხადებას აპირებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მისსავე "ფეისბუკის" გვერდზე ვრცელდება.

"ვეთანხმები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ რეგიონებში გასვლას და ასევე, საერთო ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას, რომლის მთავარი მიზანი იქნება შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და მე არ შემეძლება უკანონო ტყვეობიდან გარეთ გასვლა.

საარჩევნო კამპანიაში ჩემი მონაწილეობის და ხალხის მობილიზების პირობებში (რასაც ჩვენ ვგეგმავთ) საქართველოს საზოგადოება დიდი უპირატესობით მოიგებს რიგგარეშე არჩევნებს. დღევანდელი დღის შემდეგ მთელ საქართველოს უნდა გავაგებინოთ, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს", - აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

მას საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა ორ საქმეზე მიუსაჯეს: სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეზე. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული. მათ შორის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის - ე.წ. პიჯაკების საქმე და 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალის გადამეტებით დაშლის გამო. კიდევ ერთი საქმე მის წინააღმდეგ საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის გამო აღიძრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG