Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე ფულის გათეთრების საქმეზე: ივანიშვილს გამოგზავნილი ჰყავდა ხალხი, დავალაგოთო


„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ფულის გათეთრების საქმეზე პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხი გაუგზავნა „დალაგების“ მიზნით.

„ბიძინა ივანიშვილს გამოგზავნილი ჰყავდა ხალხი, დავალაგოთ და დავასრულოთ ეს ყველაფერიო, მაგრამ ამაზე არ წავედით, იმიტომ, რომ თუ არ დასრულდა ეს ყველაფერი... ისევე, როგორც არ წავედით წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ქონების წართმევას მიპირებდნენ“, - თქვა ხაზარაძემ 11 იანვარის პროცესზე, საბოლოო სიტყვით სარგებლობის დროს.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ედავება ჯგუფურად დაახლოებით 16,7 მილიონი აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 12 იანვარს გახდება ცნობილი.

ბრალდებულები დანაშაულის ჩადენას არ აღიარებენ და ამტკიცებენ, რომ საქმე მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან სწორედ იმ პერიოდში აღიძრა, როდესაც ისინი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ჩაერთნენ. ხაზარაძე-ჯაფარიძე, ასევე, უარყოფენ პროკურატურის მტკიცებას, რომ საქმეს დაზარალებული ჰყავს ბანკის სახით.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულებს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG