Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: რუსეთი ცდილობს, დაყოს საქართველო, ჩვენ ამას არ დავუშვებთ


საქართველოში აშშ-ის ელჩი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე, რომელიც არამარტო თვითონ შეერთებული შტატების მიმართაა, არამედ მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების, მათ შორის საქართველო მიმართ. კელი დეგნანი ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ აშშ ამას არ დაუშვებს.

"თქვენ ყოველდღიურად განიცდით რუსულ აგრესიას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის და დეზინფორმაციის მუდმივი შემოტევის სახით. რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს, დაყოს შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის საქართველო. ეს კი, უბრალოდ, ბოლოდროინდელი მცდელობაა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - აცხადებს კელი დეგნანი.

მისი თქმით, კრემლს სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, გარდა შიშის, ჩაგვრისა და დეზინფორმაციისა.

"ეს არ არის ის ღირებულებები, რაზეც საქართველო და შეერთებული შტატები დგას. შეერთებულ შტატებს კვლავაც სჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა ეს რეალობად იქცეს. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ რუსეთს კონფლიქტის თავიდან აცილებისა და დეესკალაციის მიზნით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ, დავთმოთ ევროპული უსაფრთხოება, სუვერენიტეტი თუ თავისუფლება. საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: "ძალა ერთობაშია!" - ამბობს ელჩი.

კელი დეგნანი საქართველოს მოქალაქეებს ახსენებს, როგორ მუშაობს კრემლი და როგორ ცვლის ისტორიას.

"თქვენ იცით, როგორ ატრიალებს კრემლი სიმართლეს და ამახინჯებს ისტორიას, ცდილობს რა ხალხის დაბნევასა და გაყოფას. რუსეთი ის ქვეყანაა, რომელმაც 1921 წელს დაანგრია საქართველოს რესპუბლიკა, შეურაცხყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები და სცადა ქართული ენის ჩახშობა. ქართველებმა იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის რუსეთის წინააღმდეგ, რათა, როგორც ძლიერ დემოკრატიას, შეგძლებოდათ თქვენი მომავლის არჩევა. ამ არჩევანის მხარდაჭერით შეერთებული შტატები ძალიან ამაყობს", - ამბობს ის.

ელჩი ბოლო დროს რუსეთის ბოლოდროინდელ დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე რამდენიმე ძირითად საკითხს გამოყოფს:

  • "ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს. რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე";
  • "ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა: "ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე";
  • "ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ერთად, გავაგრძელებთ მოწოდებას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია";
  • "ჩვენ, ასევე, მტკიცედ ვართ ერთგული ბუქარესტის დეკლარაციის განცხადების მიმართ: საქართველო და სხვა პარტნიორები გახდებიან ნატოს წევრები, როდესაც გაწევრიანების პირობები დააკმაყოფილდება".

"პრეზიდენტ პუტინის მიზანია, ხელი შუშალოს ამ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, იმოქმედონ, როგორც სრულად სუვერენულმა და დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი პარტნიორები უსაფრთხოების სფეროში", - ამბობს ელჩი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG