Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: ხვალ, მე მივალ „სასამართლოზე“ და ვიტყვი ჩემს სათქმელს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრება 13 იანვარს ჩანიშნულ სასამართლოს სხდომას და გამოვა სიტყვით.

„ხვალ, მე მივალ "სასამართლოზე" და ვიტყვი ჩემს სათქმელს“, - წერია მის ოფიციალურ ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტში.

13 იანვარს სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით.

ამავე პოსტში, სააკაშვილი აფასებს სასამართლოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის გაუქმებას. ინსპექტორის ოფისი იუსტიციის სამინისტროსგან ყოფილი პრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების წაშლას მოითხოვდა.

„მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო - ასეა ზუსტად ამ „მთავრობის“ და მისი სასამართლოს საქმე“, - აცხადებს სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტი, ასევე, ეხმიანება „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილ განაჩენს. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო, თუმცა 7-წლიანი პატიმრობის მოხდისგან გაათავისუფლა.

„ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი“, - წერია პოსტში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს თბილისში დააკავეს.

სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი ორ საქმეზე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის - ე.წ. პიჯაკების საქმე და 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალის გადამეტებით დაშლის გამო. კიდევ ერთი საქმე მის წინააღმდეგ საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის გამო აღიძრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG