Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიდნეიში დაკრძალეს საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი


დღეს, 13 იანვარს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში დაკრძალეს საქართველოს მიერ მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მძლეოსანი ვიქტორ სანეევი.

დაკრძალვის წინ, სიდნეიში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას თან ახლდა ორი ქართული სიმღერა - "ზამთარი" და "საქართველოო ლამაზო" "ცისფერი ტრიოს" შესრულებით.

ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში, 2 იანვარს, სიდნეიში გარდაიცვალა. ლეგენდარული სპორტსმენი 1945 წელს, სოხუმში დაიბადა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, 90-იანი წლებიდან ოჯახთან ერთად ავსტრალიაში ცხოვრობდა. 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.

ვიქტორ სანეევი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.

6 იანვარს, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფომ ოჯახს შესთავაზა ვიქტორ სანეევის ნეშტის საქართველოში ჩამოსვენება და სათანადო პატივით დაკრძალვა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, თუმცა, ვიქტორ სანეევის ცოლმა კომიტეტს შეატყობინა, რომ მიიღეს რთული გადაწყვეტილება და უარი თქვეს იმის გამო, რომ ოჯახი მუდმივად სიდნეიში ცხოვრობს და საქართველოში ვიქტორ სანეევის საფლავს ხშირად ვერ მიაკითხავენ.

სიდნეიში ვიქტორ სანეევის დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე,12 იანვარს, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა თბილისში, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში.

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭება.

XS
SM
MD
LG