Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლუბები: 14-15 იანვრის ღონისძიებები ჩატარდება, მთავრობის საპირისპირო პოზიციის მიუხედავად

თბილისის კლუბები აცხადებენ, რომ შემდეგი ორი კვირის განმავლობაში დახურვისა და კომპენსაციის მიღების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

კლუბების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობისგან ასეთი შეთავაზება მიიღეს, 14-15 იანვარს დაგეგმილი ღონისძიებები არ გაუქმდება.

„თავად სახელმწიფოს მხრიდან იყო შემოთავაზებული და მხარდაჭერილი 31 დეკემბრიდან 16 იანვრამდე ჩვენს მიერ ღონისძიებების ჩატარების იდეა, ხოლო მომდევნო ღონისძებების ჩატარების წესებსა და პროტოკოლზე იანვრის დასაწყისში უნდა გვემსჯელა. ამიტომ ვთვლით, რომ მოთხოვნა ცალმხრივად განხილული გადაწყვეტილების დაცვის და 14-15 იანვრის დაანონსებული ღონისძიებების გაუქმების, რომლის დასაორგანიზებლადაც ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა სივრცეებმა დიდი ხარჯი გავწიეთ, არის არალეგიტიმური და არ ეფუძნება შეთანხმებაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობის პრინციპებს“, - აცხადებენ კლუბები.

ამავე განცხადების თანახმად, დაგეგმილი და დაანონსებული ღონისძიებების მოულოდნელი გაუქმება ორგანიზატორებს უნდა ეცნობოთ გონივრულ ვადაში.

კლუბების მტკიცებით, ეს სივრცეები ყველაზე დაცული ადგილებია პანდემიაში, თუმცა ეს ვირუსის გავრცელების ნულოვან რისკს არ ნიშნავს.

„აქამდე ჩატარებული ყველა კვლევით, საკლუბო სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკი რამდენჯერმე ნაკლებია გარე გავრცელების რისკებთან შედარებით“.

კლუბები იზიარებენ მოსაზრებას, რომ ვირუსის ახალმა შტამმა, „ომიკრონმა“ შეცვალა სურათი, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის რეგულაციების ახალი ზომები დადასტურებული არაა და ამის ერთ-ერთი მიზეზი თავად მთავრობის მხრიდან შესაბამისი შეხვედრების გადავადებაა.

„თუ განიხილება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ზომების შემოღება და გამკაცრება, ეს რეგულაციები უნდა ეხებოდეს ყველა სარისკო სივრცეს და არამხოლოდ კლუბებს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე და შეთანხმების მიღწევამდე წარმოდგენილი უნდა იყოს ვირუსთან ბრძოლის იმგვარი სამოქმედო გეგმა, რომელიც გამორიცხავს კლუბების მიმართ კიდევ ერთხელ არასამართლიან და დისკრიმინაციულ მიდგომას“, - აცხადებენ კლუბები.

მსოფლიოში ცნობილი თბილისის საკლუბო სცენა ერთ-ერთი პირველი ბიზნესია, რომელმაც საკუთარი ინიციატივით დახურა კარი პანდემიის პირველ ეტაპზე, 2020 წლის მარტში. თითქმის ორწლიანი უფუნქციობის შემდეგ, კლუბების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგულაციების შესაბამისად მზად არიან მიიღონ სტუმრები, თუმცა წინააღმდეგობას ხვდებიან რეგულაციების ხშირი ცვალებადობის პირობებში.

XS
SM
MD
LG