Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილი: ყველაფერი, რაც გაკეთებულია ამ ქვეყანაში, ჩემი გაკეთებულია


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მოსამართლესთან შელაპარაკებით დაიწყო.

13 იანვრის სხდომაზე, რომელზეც ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს განიხილავენ, სააკაშვილი სიტყვით გამოსვლისას დარბაზისა და კამერებისკენ იყურებოდა, მოსამართლემ კი მოუწოდა, სასამართლოსთვის მიემართა. მოსამართლის რეპლიკამ სააკაშვილის გაღიზიანება გამოიწვია:

„თქვენი ისევე ხართ სასამართლო, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს“, - თქვა მან და დაამატა: „მე არ ვაპირებ, ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. თქვენ თვალებში შემოგხედავთ ქართველი ხალხი“.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, „ყველაფერი, რაც გაკეთებულია ამ ქვეყანაში და ყველაფერი, რაც არ გააფუჭეს აქამდე, ჩემი გაკეთებულია“.

„ეს დარბაზი არის ჩემი აშენებული; ეს დროშა, თქვენს უკან, არის ჩემი გაკეთებული; ეს სკამი, რომელზეც თქვენ ზიხართ, ჩემი დადგმულია; ეს აუდიტორიები ჩემი გაკეთებულია; ეს გალია ჩემი აშენებულია“, - თქვა სააკაშვილმა და დაამატა: „არანაირ პატივს არ ვცემ ივანიშვილის სასამართლოს“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს თბილისში დააკავეს.

13 იანვარს სასამართლოში განიხილება ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე.

სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი ორ საქმეზე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის - ე.წ. პიჯაკების საქმე და 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალის გადამეტებით დაშლის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG