Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაბრუნდა კიევში, სადაც მისი სასამართლო იმართება


პეტრო პოროშენკოს დახვედრა კიევის აეროპორტში. 17 იანვარი.
პეტრო პოროშენკოს დახვედრა კიევის აეროპორტში. 17 იანვარი.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩაფრინდა უკრაინაში, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ოპოზიციაში მყოფი ექსპრეზიდენტის თვითმფრინავი კიევში ვარშავიდან ჩავიდა. აეროპორტში პოროშენკოს ასობით მომხრემ მოიყარა თავი.

სასაზღვრო კონტროლმა პოროშენკოს რამდენიმე წუთით ჩამოართვა პასპორტი, მაგრამ პროტესტის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნეს და საზღვარზე გაატარეს თანმხლები პირების ჯგუფთან ერთად. პოროშენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობდა, რაიმე საბაბი მოეფიქრებინა, რათა ის უკრაინის ტერიტორიაზე არ შეეშვა, მაგრამ ეს მან ვერ მოახერხა. ის ასევე გამოვიდა აეროპორტში შეკრებილ მომხრეთა წინაშე.

17 იანვარს კიევის პეჩორის რაიონულ სასამართლოში დანიშნულია მოსმენა პოროშენკოს წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების შერჩევის თაობაზე. პროკურატურა მოითხოვს მის დაკავებას 1 მილიარდი ჰრივნას (36 მლნ დოლარი) გირაოს შეტანის შესაძლებლობით. არ არის გამორიცხული მისთვის შინაპატიმრობის დანიშვნაც. როგორც პოროშენკომ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ არ დააპატიმრებენ.

გამოძიების ვერსიით, პოროშენკო 2014 წელს გარიგებაში შევიდა პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსთან, ვიქტორ მედვედჩუკთან, და რამდენმე სხვა პირთან, რათა მოეგვარებინა ქვანახშირის მოწოდება დონბასიდან, რომელსაც კიევი ვერ აკონტროლებს. მას სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის დაფინანსებაში სდებენ ბრალს. საქმის აღძვრის შემდეგ პოროშენკომ ქვეყანა დატოვა, მაგრამ მაშინვე განაცხადა, რომ ეს არის საქმიანი მოგზაურობა და მალე დაბრუნდება.

პოროშენკო, რომელიც ამჟამად ოპოზიციურ პარტია „ევროპულ სოლიდარობას“ უდგას სათავეში, მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და ხელისუფლებას ბრალს სდებს იმაში, რომ ის უსწორდება ოპონენტებს და, ამასთან, სათანადო ყურადღებას არ აქცევს რუსეთის საფრთხეს.

6 იანვარს პეჩორის სასამართლომ პოროშენკოს ქონება დააყადაღა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG