Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Oxfam-ი: პანდემიის განმავლობაში მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება ორჯერ უფრო მეტად გაიზარდა


კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება ორჯერ უფრო მეტად გაიზარდა და 1,5 ტრილიონ დოლარს მიაღწია, იტყობინება საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ი.

ამავე დროს სავარაუდოდ 160 მილიონზე მეტი ადამიანი გაღატაკდა პანდემიის პერიოდში, ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც 17 იანვარს გამოქვეყნდა მიმდინარე კვირის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წინ.

პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ ნაწილობრივ დიდი მასშტაბის ფისკალური და მონეტარული სტიმულის ხარჯზე, რამაც მკვეთრად გაზარდა მათი აქციებისა და სხვა აქტივების ფასები, აცხადებს Oxfam-ი.

ანგარიშის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან ყოველ 26 საათში ერთხელ ჩნდება ახალი მილიარდერი.

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი უფრო მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე მსოფლიოს ყველაზე ღატაკი 3,1 მილიარდი ადამიანი ერთად აღებული, იუწყება Oxfam-ი.

„ეს არის არა შემთხვევითობა, არამედ არჩევანი: ‘ეკონომიკური ძალადობა’ ხდება მაშინ, როცა სტრუქტურული პოლიტიკის თაობაზე არჩევანი კეთდება ყველაზე მდიდარი და ძლევამოსილი ადამიანების სასარგებლოდ. ეს პირდაპირ გვაყენებს ზიანს ყველა ჩვენგანს და ყველაზე ღატაკ ადამიანებს, ქალებსა და გოგონებს და ყველაზე მეტად - რასობრივ ჯგუფებს,“ წერენ ანგარიშის ავტორები.

მასში ნათქვამია, რომ უთანასწორობა ყოველდღიურად 21 ათასამდე ადამიანის სიკვდილს იწვევს ჯანდაცვაზე წვდომის არქონის, სქესობრივი ნიშნით ძალადობის, შიმშილისა და კლიმატური ცვლილების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG