Accessibility links

site logo site logo

პეტრო პოროშენკოს სასამართლო პროცესი 19 იანვარს განახლდება


წუხელ გვიან ღამით კიევის პეჩორის რაიონული სასამართლოს წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ 19 იანვრისთვის გადაიდო სასამართლო პროცესი, რომელზეც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ბრალდების მხარემ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ან პატიმრობის, ან 1 მილიარდი უკრაინული ჰრივნის მისჯა ოფიციალურად მოითხოვა.

გამოძიების ვერსიით, პოროშენკო 2014 წელს გარიგებაში შევიდა პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსთან, ვიქტორ მედვედჩუკთან, და რამდენიმე სხვა პირთან, რათა მოეგვარებინა ქვანახშირის მოწოდება დონბასიდან, რომელსაც კიევი ვერ აკონტროლებს. მას სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის დაფინანსებაში სდებენ ბრალს.

უცხოეთში თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 17 იანვარს ჩაფრინდა უკრაინაში, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ოპოზიციაში მყოფი ექსპრეზიდენტის თვითმფრინავი კიევში ვარშავიდან ჩავიდა. აეროპორტში პოროშენკოს ასობით მომხრემ მოიყარა თავი.

სასაზღვრო კონტროლმა პოროშენკოს რამდენიმე წუთით ჩამოართვა პასპორტი, მაგრამ პროტესტის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნეს და საზღვარზე გაატარეს თანმხლები პირების ჯგუფთან ერთად. პოროშენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობდა, რაიმე საბაბი მოეფიქრებინა, რათა ის უკრაინის ტერიტორიაზე არ შეეშვა, მაგრამ ეს მან ვერ მოახერხა.

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს და პოლიტიკური არენიდან მისი ჩამოშორებისკენ მიმართულ ნაბიჯს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG