Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზარბაევის თქმით, ყაზახეთის ელიტაში არაა კონფლიქტი


ნურსულთან ნაზარბაევი
ნურსულთან ნაზარბაევი

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოხდა, ვიდეომიმართვით გამოვიდა.

მან განაცხადა, რომ ქვეყნის ელიტაში არ არის არავითარი კონფლიქტი ან დაპირისპირება და რომ ასეთ კონფლიქტზე ჭორები საფუძველს მოკლებულია. ნაზარბაევმა ასევე თქვა, რომ 2019 წლის შემდეგ, როცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს გადასცა, ის პენსიონერია და ახლა „დამსახურებულად ისვენებს“ ყაზახეთის დედაქალაქში.

ნაზარბაევის თქმით, ტოყაევი სრულად ფლობს ძალაუფლებას, ის არის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და მალე მმართველ პარტიას ჩაუდგება სათავეში.

იანვრის საპროტესტო გამოსვლების ფონზე დაწყებულ არეულობას, რომელსაც დიდი რაოდენობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, ნაზარბაევმა უწოდა „ყაზახეთზე თავდასხმა“, რომლის მიზანი იყო „ქვეყნის მთლიანობის დანგრევა“. მას არ უთქვამს, კონკრეტულად რა ძალებმა მოაწყვეს არეულობა და განაცხადა, რომ ეს უნდა გაირკვეს.

ნაზარბაევი ამჟამად 81 წლისაა. ის თითქმის 30 წლის განმავლობაში ედგა სათავეში ყაზახეთს. 2019 წელს მან დატოვა პრეზიდენტის თანამდებობა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა უშიშროების საბჭოსა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა, მისი ნათესავები და ახლობლები კი კვლავაც წამყვან თანამდებობებზე იმყოფებოდნენ.

საპროტესტო გამოსვლების დროს ტოყაევმა ნაზარბაევი გაათავისუფლა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან და თავად დაიკავა ის. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოაცხადა ნაზარბაევის პრესმდივანმა, რომ ნაზარბაევმა ეს თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა. უკანასკნელ დღეებში თანამდებობიდან გაათავისუფლეს ნაზარბაევის ზოგიერთი ნათესავი და დაახლოებული პირი. ამ ფონზე ვრცელდება ხმები, რომ ტოყაევსა და ნაზარბაევს შორის კონფლიქტია.

ოფიციალური მონაცემებით, ყაზახეთში იანვარში მომხდარ არეულობებს 225 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირები იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG