Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: რუსეთმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს უკრაინაზე თავდასხმა


რუსეთმა „ნებისმიერ დროს“ შეიძლება დაიწყოს უკრაინაზე თავდასხმა, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიევსა და ბერლინში სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოგზაურობის წინ.

დასავლეთში სულ უფრო ხშირად გაისმის საგანგაშო ხმები ახალი მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის შესახებ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი და დიდი რაოდენობით ახალი ძალები განალაგა დაუგეგმავი სამხედრო სწავლებისთვის ბელარუსში.

გასულ კვირაში რუსეთის დიპლომატები აშშ-ის, ნატოსა და ევროპის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდნენ მოსკოვის მოთხოვნების განსახილველად. მოსკოვი დასავლეთისგან ითხოვს წერილობით გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთის მიმართულებით და საკუთარ რიგებში არ მიიღებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, პირველ რიგში უკრაინასა და საქართველოს. დასავლეთში ფიქრობენ, რომ მოსკოვის მოთხოვნები ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის სერიოზულ რესტრუქტურიზაციას ნიშნავს.

მოლაპარაკებებზე არ მიუღწევიათ რაიმე გარღვევისთვის. დასავლეთში საგანგაშოდ მიიჩნევენ ამას პლუს მოსკოვის აგრესიულ რიტორიკას.

ბელარუსში რუსეთის ჯარების მოქმედებები „არ არის არც წვრთნა, არც ჯარების ნორმალური გადაადგილება. ეს არის ძალის დემონსტრირება, რაც მიზნად ისახავს, შექმნას ყალბი საბაბი კრიზისისთვის, როცა რუსეთი შესაძლო ინტერვენციისთვის ემზადება,“ განაცხადა 18 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გასაჯაროება.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ ეტაპზე, როცა რუსეთმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს უკრაინაზე თავდასხმა,“ თქვა მან.

კიევსა და ბერლინში ვიზიტების შემდეგ ბლინკენი გაემგზავრება ჟენევაში, სადაც შეხვედრებს გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, დასძინა ოფიციალურმა პირმა.

სამშაბათს ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა ლავროვთან. საუბარი ეხებოდა ევროპაში უსაფრთხოების თაობაზე მოლაპარაკებებს, რომლებიც გასულ კვირაში შედგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG