Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინალ არძინბა აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილს პროექტების განხორციელებას უკრძალავს


ინალ არძინბა
ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა რეგიონში მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და UNDP-ის წარმომადგენლებს შეხვდა. არძინბამ მათ მოსთხოვა საქმიანობის გარკვეული ნაწილის შეწყვეტა. ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ინალ არძინბამ ქართულ-აფხაზურ დიალოგთან დაკავშირებული პროექტები გააკრიტიკა.

ადგილობრივი უწყების ცნობით, არძინბა შეხვდა World Vision-ის ხელმძღვანელ ოქსანა ლასურიას, დანიის ლტოლვილთა საბჭოს (DRC) სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის დამყარების კოორდინატორ ადა ჯინჯოლიასა და UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამა) აფხაზეთის ოფისის მოქმედ ხელმძღვანელ რაფის აბაზოვს.

„მინისტრმა მიუღებელი უწოდა ზოგიერთ პროექტს, რომელიც აფხაზეთში ხორციელდება. კერძოდ, UNDP-ის ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრისას ის შეეხო აფხაზეთის მოქალაქეებს შორის სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარებას, რომელმაც შიდაპოლიტიკური ხასიათის საკითხები წამოჭრა. ასევე, შეისწავლებოდა საქართველოსთან ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა. აღნიშნული კვლევა აფხაზეთის ტერიტორიაზე 2021 წლის ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკაში სტატისტიკური საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად, სოციოლოგიური კვლევების ჩატარება მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ.

„თქვენს ორგანიზაციას უბრალოდ არ აქვს ასეთი საქმიანობის უფლება. გარდა ამისა, ეს საქმიანობა შესაბამის დეპარტამენტთან — სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან უნდა იყოს კოორდინირებული“, - აღნიშნა არძინბამ.

მან დასძინა, რომ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც მთავარი საკოორდინაციო ორგანოს, ასევე გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი პოზიციაა.

ინალ არძინბა ასევე შეეხო COBERM-ის (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი) პროექტის განხორციელებას.

„ეს მიუღებელი პროექტია, რომლის მიზანი აფხაზეთის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, აფხაზებსა და ქართველებს შორის ექსპერტებისა და ახალგაზრდების დონეზე პირდაპირი დიალოგის დამყარებაა. ამ პროექტის განხორციელება აფხაზეთის ტერიტორიაზე მიუღებელია. ჩაინიშნეთ ეს და აღარ გააკეთოთ მსგავსი პროექტები. ჩვენ გიკრძალავთ ამ საქმიანობას“, - თქვა მან.

ამასთან მან აღნიშნა, რომ COBERM-ის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და ამოცანებს ემსახურება.

„შეხვედრის შედეგად, გაეროს განვითარების პროგრამის ოფისმა აიღო ვალდებულება მსგავსი პროექტების შემდგომი განხორციელება აღკვეთოს“, - აცხადებენ დე ფაქტო სამინისტროში.

ინალ არძინბმა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. 31 წლის არძინბა სოხუმში დაიბადა. ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია.

სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად; ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.

უკრაინაში მას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში — უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. კრემლში ის კურირებდა ურთიერთობას დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG