Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეთანხმება წალენჯიხაში - "სახელმწიფოს დაზიანება" თუ მუშაობა ხალხისთვის?


წალენჯიხის საკრებულო. 11 იანვარი, 2022 წელი.
წალენჯიხის საკრებულო. 11 იანვარი, 2022 წელი.

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერიც და ახლა უკვე - საკრებულოს თავმჯდომარეც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 20 იანვარს, ამ პოსტზე გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის" წევრი აირჩიეს. ამ ეტაპზე თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი ოთხი საკრებულო.

20 იანვარს გამოცხადებულ შეთანხმებას გარიგებას უწოდებს „ქართული ოცნება“. მმართველი პარტია უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ გახარიას პარტიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „დე ფაქტო კოალიცია“ შეკრეს. წალენჯიხაში შემდგარი შეთანხმება ყველა პრობლემას ვერ ჭრის და პროცესი შესაძლოა ჩიხში მაინც შევიდეს.

  • რა შესაძლებლობები ეძლევა წალენჯიხას 20 იანვრის გადაწყვეტილებით და რა არის კიდევ გადასაწყვეტი?
  • რა მდგომარეობაა კიდევ ოთხ პრობლემურ მუნიციპალიტეტში?
  • სად შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები?

წალენჯიხაში

„ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ - ამ ორ პარტიას „ერთ პოლიტიკურ წარმონაქმნს“ უწოდებს „ქართული ოცნება“ და თვლის, რომ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის გარშემო ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების უკან დესტრუქციული ამოცანები დგას.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით, რომ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ორი პარტია რეალურად ერთი დესტრუქციული, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა, 20 იანვარს პარტიის გამართულ ბრიფინგზე.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ:

  • „ეს ორი პარტია ერთად ცდილობს დააზიანონ სახელმწიფო“;
  • „ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ“;
  • „პარტია „საქართველოსთვის“ დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის“;
  • „გახარიას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არა მხოლოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა“.

შეთანხმებას, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ დესტრუქციული მიზნების გამომხატველია, „მუნიციპალური კრიზისის დასრულებისკენ" გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებენ გახარიას პარტიაში.

როგორც პარტიის „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, წინასწარი მოლაპარაკებები არ ჰქონიათ არცერთ სხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ შორის - არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„გვქონდა ღია, მკაფიო, გამჭვირვალე პროცესი... დავასახელეთ ჩვენი კანდიდატურები [საკრებულოს თავმჯდომარეებად] და ვთქვით, რომ უზრუნველვყოფდით ბალანსს [პრობლემურ] მუნიციპალიტეტებში წარმომადგენლობითი დემოკრატიისთვის... საბედნიეროდ, [ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მსგავსად] წალენჯიხაში მოხერხდა ვიწრო პარტიული ინტერესების მიღმა გახედვა და აირჩიეს ჩვენი პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატურა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბერდია სიჭინავამ.

ამჟამად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 27-წევრიან საკრებულოში:

  • ენმ-ს 11 წევრი ჰყავს;
  • ასევე 11 წევრი ჰყავს - „ქართულ ოცნებას“;
  • 3 წევრი - გახარიას პარტიიდან არის;
  • „ლელოდან“ – 1;
  • დამოუკიდებელი დეპუტატი - 1.

გახარიას პარტიის ფორმულებს მხარს არასოდეს უჭერდნენ ენმ-ში, მაგრამ, როგორც პარტიის რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი ეუბნება რადიო თავისუფლებას, სხვა გზა აღარ რჩებოდა.

„დროის გაწელვა „ქართულ ოცნებას“ ინტერესებში იყო... ამიტომ ჩვენ შევეცადეთ, რომ, როგორც მერია წალენჯიხაში ოპოზიციონერი, ასევე შემდგარიყო ოპოზიციური საკრებულო. გახარიას პარტიის კანდიდატის მხარდაჭერით - შედგა სწორედ ასეთი საკრებულო, რომელიც იქნება ქმედითი და მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე...

მნიშვნელოვანია, რომ საკრებულო შეძლებს მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების ხელშეწყობას. დღემდე არ არის დამტკიცებული ბიუჯეტი. ხელისუფლება ცდილობდა, რომ საკრებულოს ვერ დაეწყო ფუნქციონირება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბოტკოველმა.

მაგრამ სადავო საკითხები წალენჯიხის საკრებულოში ჯერ ისევ რჩება.

ასარჩევია თავმჯდომარის 3 მოადგილე და ასევე - 5 კომისიის თავმჯდომარეები. გახარიას პარტიას უნდა, რომ, ბალანსისთვის, თავმჯდომარის ერთი მოადგილისა და კომისიებში 2 თავმჯდომარის პოსტები „ოცნებას“ შეხვდეს. ენმ-ისთვის ასეთი თანაფარდობა მიუღებელია.

„ოპოზიციას დაუჭირა მხარი წალენჯიხის მოსახლეობის 66%-მა, მიუხედავად იმ არჩევნებისა, რაც ჩატარდა და პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ვიკისროთ, ჩვენ უნდა შევასრულოთ ამომრჩეველთან“, - გვეუბნება ბოტკოველი.

ენმ, ისევე როგორც „ოცნება“, საკრებულოში არ ფლობს მანდატების საჭირო რაოდენობას იმისთვის, რომ ერთპარტიულად გადაანაწილოს პოსტები, ანდა დაამტკიცოს ბიუჯეტი.

თუკი ბიუჯეტი სამჯერ არ დამტკიცდება, გარდაუვალი იქნება როგორც საკრებულოს, ასევე მერის დათხოვნა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

თვითმმართველობის მკვლევარი, ვებპორტალის „თვითმმართველობის დროა“ რედაქტორი, მაგდა პოპიაშვილი გვეუბნება, რომ არ უკვირს „ქართული ოცნების“ უკმაყოფილება წალენჯიხაში 20 იანვარს შემდგარ შეთანხმებასთან დაკავშირებით.

„მას სავარაუდოდ წალენჯიხაში სურდა, რომ პროცესი ვადამდელ არჩევნებამდე მისულიყო. თუკი 6 თვის განმავლობაში კვორუმი არ შედგებოდა, თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულო იშლება და რიგგარეშე არჩევნები ინიშნება...

20 იანვრის შეთანხმებას იმედიანად ვუყურებ, რომ ეს მუნიციპალიტეტი გახდება კარგი გაგებით საექსპერიმენტო - თუ როგორ შეძლებენ პოლიტიკური ძალები ერთად საქმის კეთებას. ვიწრო პოლიტიკური ინტერესები მოქალაქეებს აზარალებს“, - ამბობს პოპიაშვილი.

სხვა მუნიციპალიტეტებში

7 მუნიციპალიტეტიდან (ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, სენაკი, წალენჯიხა და მარტვილი), სადაც ოპოზიციას საკრებულოებში ჯამურად მეტი წევრი ჰყავს, ამ ეტაპზე საკრებულოს თავმჯდომარის დამტკიცების პრობლემაა - რუსთავში, სენაკში, ზუგდიდსა და ბათუმში.

პარტიის „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა გვეუბნება, რომ ყველაზე პესიმისტურად არის განწყობილი ბათუმთან დაკავშირებით, რადგან 35-წევრიან საკრებულოში ოპოზიციის მიერ თავდაპირველად მიღებულ 19 მანდატს ("ნაციონალური მოძრაობა" - 15, "საქართველოსთვის" – 3,"ლელო" – 1) მოგვიანებით ორი გამოაკლდა.

იმის გამო, რომ სხდომებზე არ მიდიან "ოცნების" წევრები, ბათუმში არაერთხელ შეიქმნა კვორუმის პრობლემა.

ზუგდიდში კი, იქმნებოდა კვორუმის პრობლემები "ნაციონალური მოძრაობის" არგამოცხადების მიზეზით.

როგორც პოლიტიკოსები, ასევე ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ვარაუდობენ, რომ ბათუმში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.

ასეთივე ვარაუდები არსებობს ზუგდიდის, რუსთავისა და სენაკის შემთხვევებში, სადაც საკრებულოების მუშაობა ვერ ხერხდება.

„რუსთავში კატასტროფა ხდება, სხდომათა დარბაზს არ გვიხსნის საკრებულოს აპარატი იმისთვის, რომ სხდომა ჩატარდეს“, - ეუბნება გიორგი ბოტკოველი რადიო თავისუფლებას.

ამ ფაქტს ადასტურებენ გახარიას პარტიაშიც. სიჭინავა ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელშეშლის პროცესმა უკვე კომიკური სახეც მიიღო.

ხელშეშლაზე, გაუმჭვირვალე საკადრო გადაადგილებასა თუ ოპონენტებზე ზეწოლის სავარაუდო ფაქტებზეა ლაპარაკი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გამოვლენილ პრობლემებს შეეხება.

„ახალარჩეული საკრებულოებისთვის უკიდურესად დამაზიანებელი აღმოჩნდა „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი საკრებულოებში უმრავლესობას ოპოზიციიდან არჩეულ “ცალკეულ წევრებთან თანამშრომლობის” შედეგად ჩამოაყალიბებდა. ამ პროცესის კონტექსტში უნდა განვიხილოთ, თუ როგორ დატოვეს პარტიის რიგები პარტია „საქართველოსთვის” წევრებმა ნანა ლომონჯავამ წალენჯიხაში და ირაკლი თავდგირიძემ ბათუმში“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG