აშშ-მა სანქციები დაუწესა 4 უკრაინელ პოლიტიკოსს, რომლებიც რუსეთის მითითებით უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით მოქმედებდნენ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ საპარლამენტო ფრაქციის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ წევრი, ტარას კოზაკი და ამავე ფრაქციის დეპუტატი, ოლეგ ვოლოშინი.
სიაში შედის ასევე ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსანი, ვოლოდიმირ ოლეინიკი და უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ვლადიმირ სივკოვიჩი.
ტარას კოზაკი ვლადიმერ პუტინის შვილის ნათლიის, პოლიტიკოს ვიქტორ მედვედჩუკთან ყველაზე დაახლოებულ პარლამენტარად ითვლება.
მედვედჩუკი და კოზაკი ეჭვმიტანილი არიან სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან“ „ქვანახშირის პროდუქციის მიწოდების დანაშაულებრივი სქემის“ რეალიზაციაში 2014 წლის ბოლოდან 2015 წლის დასაწყისამდე პერიოდში.
გამოძიება ვარაუდობს, რომ მედვედჩუკის და კოზაკის მოქმედებები ძირს უთხრიდა უკრაინის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე შეამოწმებს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მედვედჩუკის წინააღმდეგ ახალი საქმის ფარგლებში.
უკრაინა 2014 წლიდან ებრძვის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ნელი ინტენსივობის ომში, რომელსაც 13 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
მიმდინარე წლის მაისში მედვედჩუკი შინაპატიმრობაში მოათავსეს. სექტემბერში მას შინაპატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივეს.
ის ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.