Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასოციაცია: კოვიდკლინიკაში პაციენტმა კლინიკის ექთანი დაჭრა


"ექიმთა უფლებათა დაცვის ასოციაცია" აქვეყნებს ვიდეომასალას და აცხადებს, რომ ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში ინფიცირებულმა პაციენტმა ექთანი ყელისა და კისრის არეში დაჭრა. ასოციაციის ხელმძღვანელი კლინიკებში ექიმებზე გახშირებულ თავდასხმაზე საუბრობს და კანონის გამკაცრებას ითხოვს.

ასოციაციის თავმჯდომარე სალომე ლოლუა რადიო თავისუფლებას უყვება, რომ შემთხვევა 21 დეკემბერს დილით, 05:00 საათზე მოხდა, როცა ექთანმა შენიშნა, რომ პაციენტს დახმარება სჭირდებოდა.

გავრცელებული კადრები სულ 46-წამიანია. მასში ჩანს, როგორ მიდის ექთანი პაციენტთან, როგორ არგებს მას სასუნთქ აპარატს და მათ შრის დიალოგი, თუმცა ხმა არ ისმის. მაშინ, როცა ექთანი იქვე მდგარ მოწყობილობასთან იხრება, ამ დროს პაციენტი ხელში დამალულ საგანს აჩენს, ფეხზე დგება და ყელზე ადებს. კადრები ამ მომენტში წყდება. ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, მათ აქვთ სრული ჩანაწერი, სადაც ასახულია დაჭრის მომენტიც.

"ექთანმა შემოვლის დროს შეამჩნია, რომ პაციენტი წუხდა. მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა მისთვის სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია განესაზღვრა. დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად და სწორედ ამ დროს, პაციენტმა ის დაიჭირა კისრით და ყელის მიმართულებით, რამდენჯერმე ბასრი იარაღით დაარტყა... არ ვიცი, როგორ მოხვდა დანა პაციენტამდე... კოვდკლინიკაში პაციენტებს თავად აჭმევენ, რატომ დასჭირდა დანა პაციენტს კლინიკაში, არ ვიცი", - ჰყვება სალომე ლოლუა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ კლინიკა, რომელშიც ექთანი დაჭრეს კოვიდმიმღებია, არ სჭირდება ქირურგი, რომელიც ადგილზე დაეხმარებოდა დაჭრილ მედპერსონალს.

"ყელისა და ლოყის არეში მიყენებული ჭრილობა იყო საკმაოდ სისხლმდენი. ეგონათ, რომ დაზიანდა საძილე არტერია..." - ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე.

ექთანს სანერწყვე ჯირკვალი დაუზიანდა და 7 ნაკერის დადება დასჭირდა. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ლოლუა ამბობს, რომ აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობაში გაჩნდეს მუხლი, რომელიც უფრო მეტად დაიცავს სამედიცინო პერსონალს პაციენტისგან. მისი თქმით, ბოლო ექვს თვეში ექიმებისა და ექთნების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მინიმუმ 40 შემთხვევა მოხდა.

პოლიციამ პაციენტი, რომელსაც ბრალად ედება ექთნის განზრახ მკვლელობის მცდელობა, დააკავა. სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იმის მიუხედავად, რომ სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია, სალომე ლოლუა მაინც უკმაყოფილოა პოლიციელების მუშაობით. მისი თქმით, იმის გამო, რომ დანაშაული კოვიდკლნიკაში მოხდა, მასზე რეაგირება დაგვიანდა:

"პოლიციას შეეშინდა კოვიდკლინიკაში შესვლის და ეს კაცი იყო ორი საათი კიდევ იქ".

XS
SM
MD
LG