გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ ორშაბათიდან, 24 იანვრიდან, გურჯაანის საბავშვო ბაღებში, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვებს მიიღებენ. მერმა ამ თემაზე დღეს, 21 იანვარს, სპეციალური განცხადება გააკეთა.
როგორც ზურაბ უტიაშვილმა განაცხადა, დღეს შეხვედრა ჰქონდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების თანამშრომლებთან, სადაც მსჯელობდნენ როგორ განახლებულიყო სააღმზრდელო პროცესი ბაღებში. თუმცა შეზღუდვების დაწესებაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ორშაბათიდან ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
„როდესაც თათბირი მიდის, შეიძლება, ნებისმიერი რამ განიხილო. თქვენს მიერ დასახლებული საკითხიც ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებაში არ ასახულა. ჩვენ რეკომენდაციით მივმართავთ მშობლებს, რომ მაქსიმალურად აიცრან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი რეკომენდაციაც სწორედ დროული ვაქცინაცია გახლავთ”, - განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.
დღეს რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 24 იანვრიდან გურჯაანში სააღმზრდელო პროცესში მონაწილეობას მხოლოდ ის აღსაზრდელი შეძლებდა, რომლის ოჯახის წევრებიც ორჯერადად ვაქცინირებულები იყვნენ.
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, გურჯაანში ბაღები 2021 წლის ნოემბერის შემდეგ დახურულია.
დაწერეთ კომენტარი