Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვრის კომიტეტს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის მანდატი გაუგრძელეს


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მანდატის ვადა ერთი წლით გაუგრძელეს. გადაწყვეტილება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის ბრძანების შესაბამისად მიიღეს. მთავრობის სხდომა 21 იანვარს გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რეგიონში საქმიანობას გააგრძელებს. ამ ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ოკუპირებულ რეგიონში წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ, დე ფაქტო ხელისუფლების დადგენილების შესაბამისად, საქმიანობა 2004 წლის 30 სექტემბერს დაიწყო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ადგილზე ჰუმანიტარულ და სოციალურ პროექტებს ახორციელებს, გარდა ამისა, ორგანიზაცია პაციენტების გადაყვანის, ოჯახების გაერთიანების, ცხინვალის იზოლატორში პატიმრების მონახულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და სხვა სახის აქტივობებშია ჩართული.

წითელი ჯვრის ორგანიზაცია ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მუშაობს. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, სადამკვირვებლო და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რეგიონში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG