Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირცხვილია": ვერ ვხედავთ ოფიციალური თბილისისგან უკრაინელი ხალხისადმი გამოხატულ ხელშესახებ მხარდაჭერას


სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" ღია წერილით მიმართავს საქართველოში უკრაინის ელჩსა და საელჩოს თანამშრომლებს. წერილში აღნიშნულია, რომ ოფიციალური თბილისის მხრიდან არ ჩანს უკრაინელი ხალხისადმი გამოხატულ ხელშესახები მხარდაჭერა.

„მიმდინარე მოვლენებმა და რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ სამხედრო და ჰიბრიდული აგრესიის რისკის ზრდამ ღრმად შეაშფოთა ქართველი ხალხი.

ჩვენთვის წარმოუდგენლად რთულია იმის ყურება, თუ როგორ მიმდინარეობს 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან. საქართველო იზიარებს ამ ტრაგიკულ რეალობას. რუსი სამხედრო ძალები კვლავ განლაგებულები არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცოცავი ოკუპაცია, საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცება, დაკავება და მკვლელობა კვლავ გრძელდება. ამასთან, ჩვენ ვერ ვხედავთ ოფიციალური თბილისისგან უკრაინელი ხალხისადმი გამოხატულ ხელშესახებ მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით გულდასაწყვეტია.

მაშინ, როდესაც დასავლეთი უკრაინის მხარდასაჭერად ერთ მუშტად შეიკრა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ გვერდით დაგიდგეთ ამ რთულ დროს, როგორც უკრაინის პრეზიდენტი იდგა ქართველი ხალხის გვერდით 2008 წელს.

ძალიან ვაფასებთ უკრაინის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ვადასტურებთ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი და განუზომელია", - ვკითხულობთ წერილში.

„სირცხვილია" საელჩოს თანამშრომლებს იწვევს 23 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისში, უკრაინის საელჩოსთან დაგეგმილ მხარდამჭერ აქციაზე.

უკანასკნელ დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდა დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება რუსეთის შესაძლო სამხედრო ინტერვენციის თაობაზე, მას მერე, რაც უკრაინის საზღვართან გამაგრდა რუსეთის სამხედრო დაჯგუფება და ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები ჟენევასა და ბრიუსელში.

პარასკევს ჟენევაში გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოსკოვი არ ემზადება უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG